“ვამტკიცებ”
თსა რექტორი, პროფესორი
/მ. წვერავა/
13.12.2010 წ.
პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის დებულება
პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია (თსა) წარმოადგენს თვითმმართველობის პრინციპით მოქმედ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიკაციის პედაგოგებით და მეცნიერებით, თავის საქმიანობას წარმართავს ქართულ ენაზე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა (კანონები “უმაღლესი განათლების”, “საექიმო საქმიანობის”, “ჯანმრთელობის დაცვის” შესახებ) და წინამდებარე დებულების საფუძველზე. თსა ანხორციელებს ორ საგანმანათლებლო პროგრამას - “სამკურნალო საქმე” და “სტომატოლოგია” და კურსდამთავრებულებს ანიჭებს დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკადემიურ ხარისხს. გარდა ამისა თსა აწარმოებს დიპლომისშემდგომ და უწყვეტ სამედიცინო განათლებას
თბილისის სამედიცინო აკადემიის მისიაა მედიცინის დარგში თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი კომპეტენციის მქონე, შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება.
აკადემიის ძირითადი მიზანია ახალგაზრდებს გამოუმუშავოს თვითმყობადობა, დამოუკიდებელი და კრიტიკული აზროვნება, მეცნიერების თანამედროვე მიღწევების გააზრებულად გაცნობის და გამოყენების უნარი, რაც ხელს შეუწყობს სტუდენტთა მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებად ჩამოყალიბებას.
აკადემიის ძირითადი ამოცანაა:
- პრაქტიკულ საქმიანობაზე ორიენტირებული უმაღლესი აკადემიური განათლების მქონე დიპლომირებული მედიკოსების/სტომატოლოგების მომზადება;
- უწყვეტი განათლების პრინციპების დანერგვა;
- სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან, ასევე პროფესიულ ასოციაციებთან თანამშრომლობა, სტუდენტთა და პროფესორთა მობილობის ხელშეწყობა;
- სამეცნიერო კვლევების ორგანიზება და ჩატარება;
- სასწავლო პროცესთან სამეცნიერო საქმიანობის მჭიდრო კავშირის უზრუნველყოფა;
- პერსონალისა და სტუდენტების ჩაბმა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში;
- საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განვითარება;
- საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროცესების ორგანიზაციისა და მართვის ინოვაციური პრინციპების დამუშავება და დანერგვა;
- სტრატეგიულ პარტნიორებთან, კლინიკური და სამეცნიერო პროფილის დაწესებულებებთან გრძელვადიანი თანამშრომლობის ორგანიზება და უზრუნველყოფა;
- თსა-ს სტრუქტურის ოპტიმიზაცია;
- მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოდერნიზება საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად;
- მართვისა და კონკურსების საჯაროობის და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა;
- განათლების ხარისხის მართვის სისტემის შექმნა და დანერგვა საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით.
სამედიცინო აკადემია ორიენტირებულია სასწავლო პროცესის მართვისა და ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებაზე, რის საფუძველსაც პედაგოგიური კოლექტივის მაღალი კვალიფიკაცია და უმაღლესი სასწავლებლის ტრადიციები წარმოადგენს.
აკადემიის საგანმანათლებლო პროგრამების შინაარსი და სწავლების დონე შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, რაც ხელს უწყობს ახალგაზრდების მობილობას და აძლევს მათ საშუალებას სწავლა გააგრძელონ და გაიღრმავონ ცოდნა საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლეს სასწავლებლებში. ზემოაღნიშნული შიდა და საგარეო შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადების საფუძველია.
თსა-ს სტრუქტურა და მართვა
თსა-ს ადმინისტრირების უმაღლესი ორგანოა სამეთვალყურეო საბჭო. თსა-ს ხელმძღვანელობს დირექტორი და მის დაქვემდებარებაში მყოფი დირექტორის მოადგილეები. სასწავლო, მეთოდურ და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას წარმართავს აკადემიური საბჭო, რექტორი, ვიცე-რექტორი, აკადემიური ხარისხის უზრუნველყოფის, საერთაშორისო ურთიერთობების, კომპიუტერული უზრუნველყოფის სამსახურები, ფაკულტეტის საბჭო, დეკანი, დიპლომისშემდგომი განათლების დეპარტამენტი, პროგრამული დეპარტამენტები, სტომატოლოგიური კლინიკა, სამედიცინო რეაბილიტაციის, სპორტული მედიცინის და რაიტთერაპიის ცენტრი, კლინიკური და სამეცნიერო-კვლევითი უნარ-ჩვევების სტუდენტური ცენტრი და ბიბლიოთეკა.
მათი შემადგენლობა, მუშაობის წესი და რეგლამენტი, აგრეთვე უფლება-მოვალეობები განსაზღვრულია წინამდებარე და შესაბამისი დებულებებით.
თსა-ის მართვის ძირითადი პრინციპებია:
გადაწყვეტილებების საჯაროობა და ხელმისაწვდომობა, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების აკადემიური თავისუფლება, გადაწყვეტილებების მიღებაში აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა მონაწილეობა, თანასწორი დამოკიდებულება განურჩევლად პირის ეთნიკური კუთვნილების, სქესის, სოციალური წარმოშობის, პოლიტიკური თუ რელიგიური შეხედულებების და სხვა, არჩევნების სამართლიანობა და გამჭვირვალობა.
I. სამეთვალყურეო საბჭო
სამეთვალყურეო საბჭო აირჩევა ოთხი წლის ვადით და შედგება სამი წევრისაგან. სამეთვალყურეო საბჭოს საქმიანობა განისაზღვრება და რეგულირდება შპს ,,პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის” წესდებით.
II. დირექტორი
თსა-ს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც ნიშნავს და ათავისუფლებს სამეთვალყურეო საბჭო. დირექტორის კომპეტენციას განეკუთვნება სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებათა შესრულების უზრუნველყოფა და თსა-ს მიმდინარე საქმიანობის გაძღოლა. დირექტორი მოქმედებს კანონმდებლობის და შპს ,,პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის” წესდების თანახმად.
III. აკადემიური საბჭო
თსა-ს აკადემიური საბჭოს პრეროგატივაა სასწავლო პროცესის ორგანიზება, მართვა, სასწავლო გეგმების (კურიკულუმების) განხილვა-დამტკიცება, პროგრამების (სილაბუსების) დამტკიცება, სწავლების მეთოდების და ფორმების დადგენა.
აკადემიური საბჭოს შემადგენლობა ყალიბდება ფაკულტეტის საბჭოს მიერ წარდგენილი სრული და ასოცირებული პროფესორებით, რომელსაც ამტკიცებს პარტნიორთა კრება.
აკადემიური საბჭოს მუშაობის რეგლამენტი განისაზღვრება დებულებით.
IV. რექტორი
რექტორი არის თსა-ს უმაღლესი აკადემიური თანამდებობის პირი, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე.
რექტორი მოქმედებს შპს ,,პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის” წესდების და წინამდებარე დებულების შესაბამისად, წარმოადგენს თბილისის სამედიცინო აკადემიას ქვეყნის შიგნით და გარეთ აკადემიურ და სამეცნიერო სფეროებში, ან ამ უფლებას გადასცემს სხვას.
რექტორს ფარული კენჭისყრით ირჩევს თსა-ს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს პარტნიორთა კრება. რექტორის არჩევის ვადა ემთხვევა ძირითადი საგანმანათლებლო საფეხურის ხანგრძლივობას. რექტორად შეიძლება არჩეულ იქნეს სრული პროფესორი.
რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის შესახებ განცხადებას თსა-ს ვებ გვერდზე აკადემიური საბჭო აქვეყნებს კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არანაკლებ ერთი თვით ადრე, საქართველოს კანონმდებლობით და საკუთარი წესდებით დადგენილი წესით, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით. რეგისტრაცია გრძელდება არანაკლებ 2 და არაუმეტეს 3კვირა. არჩევნები ტარდება კანდიდატების რეგისტრაციის დასრულებიდან არანაკლებ 1 და არაუგვიანეს 2 თვის ვადაში.
რექტორი უფლებამოსილია:
- განსაზღვროს თსა-ს სასწავლო და კვლევით პროცესებთან დაკავშირებული საკითხები;
- განიხილოს, გამოსცეს დ დაამტკიცოს სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ბრძანებები და სხვა ნორმატიული დოკუმენტები;
- ხელმოწერითა და ბეჭდით დაადასტუროს სასწავლო და კვლევით პროცესებთან დაკავშირებული დოკუმენტაცია;
- დაამტკიცოს გამოსაშვები გამოცდების კომისიების შემადგენლობა.
რექტორი, თსა-ს დირექტორთან შეთანხმებით და აკადემიურ საბჭოსთან კონსულტაციის საფუძველზე უფლებამოსილია:
- შემოიღოს და გააუქმოს ფაკულტეტები და სასწავლო დეპარტამენტები;
რექტორი ვალდებულია:
- განუხრელად დაიცვას თსა-ს წესდება და დებულება;
- კონტროლი გაუწიოს აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებას დადგენილ ვადაში;
- აკადემიურ საბჭოს პერიოდულად წარუდგინოს ანგარიში სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შესახებ.
V. აკადემიური ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური
“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად სასწავლო პროცესის, პედაგოგიური პერსონალის კვალიფიკაციისა და სტუდენტთა მომზადების ხარისხის სისტემატურ შეფასებასა და მათ შესაბამისობაზე სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახურის მოთხოვნებთან პასუხისმგებელია თსა-ს აკადემიური ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომლის მუშაობის რეგლამენტი განისაზღვრება შესაბამისი დებულებით.
VI. ფაკულტეტი
მედიცინის ფაკულტეტი (შემდგომში ფაკულტეტი) წარმოადგენს თსა-ს ძირითად საგანმანათლებლო, სასწავლო-სამეცნიერო და ადმინისტრაციულ ერთეულს.
თავის საქმიანობაში ფაკულტეტი ხელმძღვანელობს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს განათლების და მეცნიერების, ასევე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ნორმატიული სამართლებრივი აქტებით, წინამდებარე დებულებით, ფაკულტეტის დებულებით და რექტორის ბრძანებებით.
Fფაკულტეტს მართავს ფაკულტეტის საბჭო და დეკანი.
VII ფაკულტეტის საბჭო
ფაკულტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა ფაკულტეტის საბჭო. ფაკულტეტის საბჭოს შემადგენლობა აირჩევა დეპარტამენტების მიერ წარდგენილი აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა თვითმმართველობის წევრებისაგან.
თსა-ს ფაკულტეტის საბჭოს მუშაობის რეგლამენტი განსაზღვრულია ფაკულტეტის დებულებით.
VIII. ფაკულტეტის დეკანი
- ფაკულტეტის საბჭოს საქმიანობას კოორდინაციას უწევს და მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებაზე პასუხისმგებელია ფაკულტეტის დეკანი;
- თსა-ს დეკანის კანდიდატურას რექტორის წარდგინებით ირჩევს ფაკულტეტის საბჭო და ამტკიცებს აკადემიური საბჭო;
- განცხადებას დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ ფაკულტეტის საბჭო აქვეყნებს თსა-ს ვებ-გვერდზე კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არა ნაკლებ ერთი და არჩევნების ჩატარებამდე არა ნაკლებ ორი თვით ადრე, გამჭვირვალობის, თანასწორობის და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით;
- დეკანად შეიძლება აირჩეს სრული ან ასოცირებული პროფესორი ოთხი წლის ვადით;
თსა-ს დეკანი:
- უზრუნველყოფს ფაკულტეტზე სასწავლო-სამეცნიერო და პრაქტიკული საქმიანობის ეფექტურად წარმართვას;
- ფაკულტეტის საბჭოს განსახილველად წარუდგენს ფაკულტეტის განვითარების გეგმას, სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;
- შეიმუშავებს და ფაკულტეტის საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის სტრუქტურას და დებულებას;
- თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია აკადემიური და ფაკულტეტის საბჭოების გადაწყვეტილებების შესრულებაზე;
- თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახდენს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების ვიზირებას;
- თავმჯდომარეობს ფაკულტეტის საბჭოს სხდომებს ;
- თსა-ს დირექტორს წარუდგენს წინადადებებს ფაკულტეტის ბიუჯეტის ფორმირების შესახებ და პასუხისმგებელია ფაკულტეტის ბიუჯეტის მიზნობრივ გამოყენებაზე;
დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა შესაძლებელია:
- პირადი განცხადების საფუძველზე;
- აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით.
დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში დეკანის თანამდებობის დაკავება ხორციელდება უფლებამოსილებაშეწყვეტილი დეკანის დარჩენილი ვადით.
IX. დეკანატი
- ფაკულტეტის აღმასრულებელი ორგანოა დეკანატი, რომელიც აღასრულებს ფაკულტეტის საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს;
- დეკანატი ახორციელებს ფაკულტეტის სასწავლო, სამეცნიერო და მეთოდური მუშაობის დაგეგმვას, ორგანიზაციას და კონტროლს;
- დეკანატის საქმიანობა რეგულრდება ფაკულტეტის საბჭოს დებულებით.
X. დეპარტამენტები
დეპარტამენტი წარმოადგენს ფაკულტეტის სასწავლო-სამეცნიერო დანაყოფს, რომელიც ახორციელებს სასწავლო, მეთოდურ, სამეცნიერო და პრაქტიკულ (კლინიკურ, ლაბორატორიულ და სხვა) მუშაობას და უზრუნველყოფს სტუდენტების, რეზიდენტების მომზადებას. დეპარტამენტების მუშაობა რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, თსა-ს და ფაკულტეტის დებულებებით.
- დეპარტამენტი პედაგოგიურ საქმიანობას ანხორციელებს კურიკულუმის საფუძველზე, დამტკიცებული სილაბუსის ფარგლებში;
- დეპარტამენტი ვალდებულია სიტემატურად განაახლოს სილაბუსი, რათა სასწავლო პროცესი შესაბამებოდეს სამედიცინო განათლების თანამედროვე სტანდარტებს;
- დეპარტამენტი ვალდებულია მუდმივად ითანამშრომლოს აკადემიის ბიბლიოთეკასთან, რათა მისი ფონდი შეესაბამებოდეს სასწავლო კურსის მოთხოვნებს;
- დეპარტამენტების მუშაობის კოორდინირებას ახდენს თსა-ს დეკანი.
XI. თსა-ს აკადემიური და სხვა პერსონალი
თსა-ს აკადემიურ პერსონალს მიეკუთვნება: პროფესორი, ასოცირებული პროფესორი და ასისტენტ-პროფესორი, რომლებიც წარმართავენ სასწავლო პროცესს და მონაწილეობენ სამეცნიერო- კვლევით მუშაობაში.
- პროფესორის, ასოცირებული პროფესორის და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავება ხდება ღია კონკურსის წესით, 3 წლის ვადით;
- აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად არჩევნების ჩატარების წესს და საკონკურსო კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს რექტორი. პირობები ქვეყნდება საჯაროდ მედიის საშუალებებით;
- უფროსი მასწავლებელი, მასწავლებელი და სხვა პერსონალი თანამდებობაზე ინიშნება რექტორის ბრძანებით;
- თსა-ს მოწვეულ პერსონალთან ფორმდება შრომითი ხელშეკრულება;
- თსა-ს ხელმძღვანელობა ვალდებულია ხელი შეუწყოს აკადემიური და სხვა პერსონალის პროფესიულ ზრდას და პედაგოგიური შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენას.
XII. კლინიკა და ცენტრი
- თსა-ს კლინიკური ბაზები და ცენტრები უზრუნველყოფენ სტუდენტთა და რეზიდენტთა მომზადებას კლინიკურ დისციპლინებში;
- თსა-ში კლინიკური დისციპლინების სწავლება წარიმართება საკუთარ და აფილირებულ კლინიკურ ბაზებზე, რომლებთანაც ფორმდება ხელშეკრულება ან მემორანდუმი;
- კლინიკების საქმიანობა რეგულირდება შესაბამისი დებულებებით.
XIII. ბიბლიოთეკა
- ბიბლიოთეკა თსა-ს საგანმანათლებლო, საინფორმაციო და სამეცნიერო ცენტრია, რომლის ფუნქციაა საბიბლიოთეკო რესურსების სრულად და ეფექტურად გამოყენება მკითხველთა მოთხოვნების უზრუნველსაყოფად;
- ბიბლიოთეკა ვალდებულია სწრაფად და სრულად უზრუნველყოს მკითხველი საჭირო ინფორმაციით (მათ შორის ელექტრონული) და საბიბლიოთეკო ფონდებით (წიგნები, ჩD, DVD);
- ბიბლიოთეკაში არსებული ინფორმაცია აბონენტთათვის ხელმისაწვდომია და შეუზღუდავი;
- ბიბლიოთეკა ვალდებულია, დაფინანსების შესაბამისად, სისტემატურად განაახლოს და დააკომპლექტოს ფონდები პროფილის შესაბამისი უახლესი ლიტერატურით;
- მკითხველს სისტემატურად უნდა მიეწოდოს ინფორმაცია ბიბლიოთეკაში არსებული სიახლეების შესახებ;
- ბიბლიოთეკა ვალდებულია შეიმუშაოს და მკითხველს გააცნოს ბიბლიოთეკით სარგებლობის წესები;
- ბიბლიოთეკა ფუნქციონირებს აკადემიის დეპარტამენტებთან და დეკანატთან მჭიდრო კონტაქტში და ზრუნავს საბიბლიოთეკო ფონდის შესაბამისობაზე სასწავლო პროგრამებთან.
ბიბლითეკის მუშაობას კურირებს თსა-ს რექტორი და დირექტორი.
XIV. კომპიუტერული უზრუნველყოფის სამსახური
- კომპიუტერული უზრუნველყოფის სამსახური წარმოადგენს თსა-ს ადმინისტრა
ციულ დამხმარე სტრუქტურულ ერთეულს;
- კომპიუტერული უზრუნველყოფის სამსახური ფუნქციონირებს თსა-ს სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კავშირში;
- კომპიუტერული უზრუნველყოფის სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში ანგარიშვალდებულია თსა-ს დირექტორისა და რექტორის წინაშე.
კომპიუტერული უზრუნველყოფის სამსახურის ფუნქციებია:
- საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების საფუძველზე თსა-ს სტუდენტების, ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისთვის სწავლის, სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის და ინფორმაციის მიღებისთვის შესაბამისი პირობების შექმნა;
- თსა-ს მონაცემთა კომპიუტერული ბაზების მომსახურება;
- თსა-ს ინტერნეტ-დომენის შექმნა და ქვედომენების ჩამოყალიბება;
- თსა-ს კომპიუტერული ტექნიკისთვის სტანდარტული პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია, პროგრამული დარღვევების აღმოფხვრა, კომპიუტერული ტექნიკის მოდერნიზაციის დაგეგმვა;
- პრეზენტაციებისათვის შესაბამისი აპარატურისა და ელექტრონული მასალის მომზადება;
- ვიდეოკონფერენციებისთვის შესაბამისი აპარატურის მომზადება და გამართული ფუნქციონირება.
- თსა-ს კომპიუტერული ტექნიკის ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება.
- თსა-ს სტუდენტებისთვის საკურსო და დამამთავრებელი გამოცდების კომპიუტერული უზრუნველყოფა. ტესტური გამოცდებისთვის მონაცემთა ბაზების შექმნა და მათი განახლება.
XV. საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური
საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის საქმიანობის მიმართულებებია:
- საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სამეცნიერო ფონდებთან კონტაქტების დამყარება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო მასშტაბით;
- საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლებლებთან ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება;
- საერთაშორისო შეხვედრების ორგანიზება და კოორდინირება;
- საერთაშორისო სასწავლო და სამეცნიერო პროექტებში თსა-ს სტუდენტების და თანამშრომლების ჩართვის ხელშეწყობა;
- თსა-ს თანამშრომლებისთვის კონსულტაციის გაწევა სხვადსხვა ტიპის საგრანტო კონკურსებში მონაწილეობის პროცესში;
- საზღვარგარეთის უმაღლესი სასწავლებლებისა და სამეცნიერო დაწესებულებების დელეგაციების მიღება;
- თსა-ს სასწავლო და სამეცნიერო პრიორიტეტების შესაბამისი ფონდების იდენტიფიცირება და სამეცნიერო პროექტებისათვის დაფინანსების წყაროების მოძიება;
- საერთაშორისო სააგენტოებთან თანამშრომლობა უცხოელი სტუდენტების მოზიდვის მიზნით.
XVI. კლინიკური და სამეცნიერო-კვლევითი უნარ-ჩვევების სტუდენტური ცენტრი
კლინიკური და სამეცნიერო-კვლევითი უნარ-ჩვევების სტუდენტური ცენტრი (შემდგომში ,,ცენტრი“) თსა-ს სტრუქტურული ერთეულია, რომლის მიზანია სიმულატორების და მანეკენების საშუალებით პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება და სამეცნიერო მუშაობაში ჩართვა სწავლების ადრეული ეტაპიდან. “ცენტრის“ საქმიანობა რეგულირდება შესაბამისი შინაგანაწესით და იმყოფება ფაკულტეტის დაქვემდებარებაში.
XVII. სასწავლო პროცესის ორგანიზაცია
- სასწავლო პროცესი მოიცავს ყველა სახის სასწავლო-მეთოდური სამუშაოს დაგეგმვას, ორგანიზაციას და ჩატარებას, სტუდენტთა მიერ სასწავლო მასალის ათვისების მიმდინარე და დასკვნით მონიტორინგს. ფაკულტეტზე სასწავლო პროცესის ორგანიზაცია და მიმდინარეობა ეფუძნება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას და წინამდებარე დებულებას.
- ფაკულტეტზე სასწავლო პროცესის მარეგულირებელი ძირითადი დოკუმენტებია სასწავლო გეგმები (კურიკულუმები) და სასწავლო დეპარტამენტების მიერ წარმოდგენილი პროგრამები (სილაბუსები), რომელთა შემუშავება და მუდმივი განახლება ხდება სახელმწიფო და საერთაშორისო საგანმანათლებლო სტანდარტის და კურსდამთავრებულის საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად.
- ფაკულტეტზე სასწავლო პროცესის მარეგულირებელი ძირითადი დოკუმენტების - სასწავლო გეგმების (კურიკულუმები) და სასწავლო პროგრამების (სილაბუსები) დამტკიცება ხდება ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით აკადემიურ საბჭოზე.
- აკადემიურ საბჭოზე დამტკიცებულ სასწავლო გეგმებს, პროგრამებს, სწავლების მეთოდებს და ფორმებს, ბრძანებით ამტკიცებს აკადემიის რექტორი.
- სასწავლო პროცესის მართვის ორგანიზებაზე პასუხისმგებელია ვიცე-.რექტორი და დეკანი.
- ვიცე-რექტორის უფლებამოსილება, პასუხისმგებლობა და ანგარიშგების წესი განისაზღვრება რექტორის ბრძანებით.
- თსა-ს სასწავლო პროგრამებს საფუძვლად უდევს საქართველოს სახელმწიფო დარგობრივი საგანმანათლებლო სტანდარტი.
- თსა სასწავლო პროცესის ორგანიზებაში ხელმძღვანელობს კრედიტების დაგროვების და ტრანსფერის ევროპული სისტემით (Eჩთშ).
- მედიცინის ფაკულტეტის სასწავლო პროგრამები შეესაბამება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს და მოიცავს:
• დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამას – 360
კრედიტი ECTS-ის მიხედვით და დიპლომირებული სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამას - 300 კრედიტი Eჩთშ-ის მიხედვით. პროგრამები ერთსაფეხურიანია და გათანაბრებულია უმაღლესი განათლების მეორე საფეხურთან;
• აკადემიური უმაღლესი განათლების მესამე საფეხურს –დოქტორანტურას,
180 კრედიტი Eჩთშ-ის მიხედვით.
სასწავლო პროცესის ორგანიზაციის და მართვის საფუძველია:
- სტუდენტისა და პედაგოგის უფლება-მოვალეობათა განუხრელი დაცვა;
- სასწავლო გეგმებისა და პროგრამების შედგენა. ერთიანი სასწავლო გეგმის განსახორციელებლად დეპარტამენტების კოორდინაცია და ინტეგრაცია სასწავლო პროგრამების ფარგლებში;
- საბაზისო და კლინიკური დისციპლინების მოცულობის განსაზღვრა;
- საერთაშორისო ნორმატივების, საქართველოს უმაღლესი განათლებისა და ჯანდაცვის კანონების შესაბამისად, სპეციალობების მიხედვით სასწავლო დისციპლინების მოცულობის და სწავლების ხანგრძლივობის განსაზღვრა და ოპტიმიზაცია;
- ორიგინალური პროგრამების, თანამედროვე მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით სასწავლო პროცესის წარმართვა და საკურსო და გამოსაშვები გამოცდების ჩატარება;
- სტუდენტთა მიღების, სხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან გადმოყვანის, კურსზე დატოვების, სტატუსის შეცერებისა და შეწყვეტის განსაზღვრა;
- წარჩინებულ კურსდამთავრებულთაგან მომავალი პედაგოგიური და სამეცნიერო კადრების შერჩევა;
- სასწავლო ბაზების თანამედროვე სასწავლო-ტექნიკური და საინფორმაციო საშუალებებით აღჭურვა;
- ქართულ ენაზე ორიგინალური სახელმძღვანელოების შექმნა, უცხო ენაზე არსებული სახელმძღვანელოების თარგმნა, სამედიცინო და ბიოლოგიური ტერმინოლოგიური ლექსიკონების შედგენა;
- სამეცნიერო და სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციების ორგანიზება და ჩატარება;
- საქართველოს და საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლებლებთან და სამედიცინო დაწესებულებებთან თანამშრომლობა.
XVIII. სასწავლო პროცესის რეგლამენტი
- თსა-ში სასწავლო პროცესის ხანგრძლივობა სპეციალობით “სამკურნალო საქმე” 6 წელია და შეადგენს 360 კრედიტს, ხოლო სპეციალობით “სტომატოლოგია” - 5 წელი და შეადგენს 300 კრედიტს.
- თსა სასწავლო პროცესის ორგანიზებაში ხელმძღვანელობს კრედიტების დაგროვების და ტრანსფერის ევროპული სისტემით (Eჩთშ), რომლის შესაბამისად სტუდენტის დატვირთვა ერთი აკადემიური წლის განმავლობაში შეადგენს 60 კრედიტს. ერთი კრედიტი 25-30 საათს უდრის და წელიწადში 1500-1800 აკადემიურ საათს მოიცავს.
- თითოეული სასწავლო წელი მოიცავს 2 სემესტრს.
- სასწავლო პროცესი შედგება 3 ეტაპისგან: I - საბაზისო დისციპლინები; II - კლინიკური დისციპლინები; III. ზოგადი სპეციალიზაცია (1 წელი).
- სასწავლო წლის დაწყება, დამთავრება და სასესიო პერიოდი განისაზღვრება რექტორის ბრძანებით.
XIX. სტუდენტთა კურსზე დატოვება, სტატუსის შეჩერება და შეწყვეტა
თსა-ს სტუდენტის კურსზე დატოვება, სტატუსის შეჩერება, შეწყვეტა, ასევე შიდა და სხვა უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებიდან მობილობა რეგულირდება სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის შესაბამისად.
XX. კურსდამთავრებულთა დიპლომირება
- გამოსაშვები საგამოცდო კომისიის წარდგინებით, ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით სტუდენტს, რომელმაც დააგროვა კურიკულუმით გათვალისწინებული კრედიტები და ჩააბარა გამოსაშვები გამოცდები, მიღებული სპეციალობის შესაბამისად ენიჭება კვალიფიკაცია და გადაეცემა დიპლომი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული და დამტკიცებული ნიმუშის მიხედვით.
- დიპლომთან ერთად კურსდამთავრებულს ეძლევა EEჩთშ-ის ნიმუშის შესაბამისი დიპლომის დანართი.
- სტუდენტს, რომელსაც კურიკულუმით გათვალისწინებული დისციპლინების 75%-ში, ექნება შეფასება “ფრიადი”, ხოლო დანარჩენში შეფასება არანაკლებ ,,ძალიან კარგი” და “კარგი” და გამოსაშვებ გამოცდებში დააგროვებს 75 ქულაზე მეტს - გადაეცემა დიპლომი “წარჩინებით”.
- ერთ დისციპლინაში რამდენიმე საბოლოო შეფასების შემთხვევაში, დიპლომის დანართში ფორმდება საშუალო არითმეტიკული შეფასება.
XXI. თსა-ს კონტინგენტის ფორმირება
- თსა-ში ზღვრული კონტინგენტის რაოდენობას ადგენს “ს.ს.ი.პ. – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი”.
- თსა-ში მისაღები კონტინგენტის ფორმირება ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით.
- აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე თსა-ში სტუდენტთა ჩარიცხვა ხდება რექტორის ბრძანებით.
- თსა-ში ჩარიცხული სტუდენტების გადანაწილება სპეციალობებზე “სამკურნალო საქმე” და “სტომატოლოგია” ხორციელდება სტუდენტების სურვილის გათვალისწინებით.
- თსა-ში სპეციალობის შეცვლა შესაძლებელია სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის მიხედვით.
XXII. დიპლომისშემდგომი განათლება
თსა უფლებამოსილია განახორციელოს სარეზიდენტო და უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამები.
დიპლომისშემდგომ განათლებას ხელმძღვანელობს სპეციალური
დეპარტამენტი და მისი მუშაობა რეგულირდება შესაბამისი დებულებით და სახელმწიფო ნორმატიული აქტებით.
XXIII. სტუდენტთა თვითმმართველობა
თსა-ში სტუდენტთა თვითმმართველობის საქმიანობა რეგულირდება უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონით და შესაბამისი წესდებით.
XXIV. სტუდენტთა უფლება-მოვალეობები
თსა-ს სტუდენტებს უფლება აქვთ:
- ისარგებლონ სასწავლებლის ბიბლიოთეკით, მატერიალურ-ტექნიკური, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით;
- მონაწილეობა მიიღონ მეცნიერულ კვლევებში;
- არჩეული წარმომადგენლების მეშვეობით მონაწილეობა მიიღონ თსა-ს სფაკულტეტის საბჭოს მუშაობაში;
- თავისუფლად გამოხატონ საკუთარი აზრი სასწავლო პროცესის მიმდინარეობისა და მართვის შესახებ;
- მიიღონ ინფორმაცია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
- დააფუძნონ ან გაერთიანდნენ სტუდენტურ ორგანიზაციებში.
თსა-ს სტუდენტთა უფლებები გარანტირებულია საქართველოს კანონით უმაღლესი განათლების შესახებ (თავი VI).
თსა-ს სტუდენტებს ევალებათ:
- შეასრულონ სასწავლო გეგმით და პროგრამებით გათვალისწინებული მოთხოვნები;
- დაიცვან თსა-ს დებულება და შინაგანაწესი;
- გაუფრთხილდნენ თსა-ს მატერიალურ ქონებას;
- ხელი შეუწყონ თსა-ს შემდგომ განვითარებას.
XXV. ბიუჯეტი
თსა-ს დაფინანსების წყაროებია:
- სტუდენტების მიერ გადახდილი სწავლის საფასური;
- სწავლის საფასური, რომელიც იფარება სახელმწიფო სასწავლო გრანტით;
- დოქტორანტების და რეზიდენტების მიერ გადახდილი სწავლის საფასური;
- შემოწირულობის სახით მიღებული შემოსავლები;
- გრანტები;
- საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა საქმიასნობით მიღებული შემოსავლები.
თსა-ს ბიუჯეტს ადგენს თსა-ს საფინანსო სამსახური დირექტორთან ერთად.
თსა-ს ბიუჯეტს წარადგენს თსა-ს დირექტორი და ამტკიცებს კერძო სამართლის იურიდიული პირის - შპს “პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის” პარტნიორთა კრება.