დეკანის მიმართვა

გილოცავთ,

თქვენ პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის სტუდენტები გახდით, უნივერსიტეტისა დიდი  ავტორიტეტით  და განვითარების რეალური პერსპექტივებით. თსა-ს  სტუდენტობა დიდი პატივია თუმცა ამავე დროს დიდი  პასუხისმგებლობაც.

სტუდენტობის წლები საუკეთესოა ადამიანის ცხოვრებაში. ეს არის წლები -  მუხლჩაუხრელი შრომის, შემეცნების, პროფესიული ცოდნისა და უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების, ამავე დროს არ არსებობს წლები უფრო მშვენიერი ადამიანის ცხოვრებაში, ვიდრე სტუდენტობა.

თქვენს წინაშე დიდი პერსპექტივაა - განახლებული ინფრასტრუქტურის მქონე სასწავლო გარემოს, ვირტუალური სწავლების ულტრათანამედროვე  ლაბორატორიის, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის, მრავალფუნქციური სიმულატორებითა და მანეკენებით აღჭურვილი კლინიკური უნარ-ჩვევებისა და ობიექტურად სტრუქტურირებული გამოცდების ცენტრის, ოთხმოცი პერსონალური კომპიუტერით აღჭურვილი საგამოცდო ცენტრის, მრავალათასიანი წიგნადი ფონდით, წარმოდგენილი როგორც ქართული, ისე ინგლისურენოვანი სახელმძღვანელოებით  და სწავლების ელექტრონული რესურსებით მდიდარი ბიბლიოთეკის, ყველა პროფილის შესაბამისი აფილირებული კლინიკებისა და რაც მთავარია  საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით შექმნილი, ინტეგრირებული, სტუდენტის საჭიროებებსა  და ბაზრის მოთხოვნებს მორგებული  საგანმანათლებლო პროგრამების საშუალებით:

  • მიიღოთ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცოდნა;
  • სწავლების პირველივე წლიდან მრავალფუნქციური სიმულატორების და მულაჟების გამოყენებით, ასევე უშუალოდ ავადმყოფის საწოლთან   განივითაროთ პრაქტიკული საქმიანობისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები;
  • ისწავლოთ ექიმისთვის მეტად მნიშვნელოვანი -  პაციენტთან, მის ახლობლებთან, კოლეგებთან და ნებისმიერ, პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ პირთან ესოდენ მნიშვნელოვანი ურთიერთობის ხელოვნება;
  • ჩაერთოთ სტუდენტურ კვლევით პროექტებში;
  • მონაწილეობა მიიღოთ, როგორც ადგილობრივი,  ასევე საერთაშორისო სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციების მუშაობაში; 
  • გაცვლითი პროგრამების საშუალებით ისწავლოთ უცხოურ, თსა-ს პარტნიორ უნივერსიტეტებში და შეიძინოთ მეტად საჭირო  საერთაშორისო გამოცდილება

ყოველივე ამის საფუძველზე კი, გახდეთ მსოფლიო ბაზარზე კონკურენტუნარიანი სპეციალისტები.

დარწმუნებული ვარ თქვენ წინ ბევრი გაბედული აღმოჩენა და პირადი გამარჯვება გელით. ვისურვებდი ყოველმა ახალმა სასწავლო წელმა ცხოვრების მთავარ  მიზანთან მიგაახლოვოთ, გაპოვნინოთ ადგილი ცხოვრებაში და ღირსეულად გატარებინოთ ექიმის სახელი.

მედიცინა იწყება აქ!

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიაში

თამარ გაიხარაშვილი
ფაკულტეტის დეკანი