სამეცნიერო-კვლევითი აქტივობები

სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით მიმდინარე 2019 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის მონაწილეობით  დაფინანსდა ორი ერთობლივი პროექტი:
1.       ეპიგენეტიკური ცვლილებების აღმოჩენა და მათი მნიშვნელობის გაცნობიერება ჰემატოლოგიურ პაციენტებში საქართველოში (რეგიონი, რომელიც დაზარალდა ჩერნობილის აფეთქების შემდეგ); ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
2.       საკვერცხის კისტის მუცინების მონაწილეობა სიმსივნის ზრდის ფაქტორ ადამიანის ქორიონულ გონადოტროპინთან და მის სუბერთეულებთან ჯვარედინად მორეაგირე IgG აუტოანტისხეულების წარმოქმნაში; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

2019 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შედეგები

სამეცნიერო ხელმძღვანელი:  გელა ბესელია
სამეცნიერო კოორდინატორი:  მაია ზარნაძე
პროექტის დაწყების თარიღი: 01.02.2020
პროექტის ხანგრძლივობა:  8 თვე

პროექტი ხორციელდება სტუდენტების მონაწილეობით.
პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის პროექტი „მედიცინა და ხელოვნება“ დაფინანსდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2019 წლის მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსის ფარგლებში. პროექტი „მედიცინა და ხელოვნება“ გულისხმობს საბავშვო უნივერსიტეტის ჩამოყალიბებას და მოსწავლეებისათვის მედიცინის მეცნიერებების და აღნიშნული სამეცნიერო მიმართულებით კვლევების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას. ზემოხსენებული საბავშვო უნივერსიტეტის ფარგლებში საშუალო სკოლის დამამთავრებელი კლასების (X, XI, XII) მოსწავლეებს ინფორმაცია ინტეგრაციული, სახალისო და თვალსაჩინო ფორმით მიეწოდებათ. ინტეგრაცია პროექტის ინოვაციურობას განაპირობებს. ის მედიცინისა და ხელოვნების სინთეზს გულისხმობს, რაც კონკრეტული მოვლენის ინტერპრეტაციისათვის აუცილებელი ინტერდისციპლინური აზროვნებისა და არსებული შესაძლებლობების განხილვის უნარ-ჩვევების გამომუშავების ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენს. პროექტი სკოლის მოსწავლეების მეცნიერებით დაინტერესების და საქართველოში STEM-ის განვითარების საშუალებას წარმოადგენს.

სამეცნიერო კოორდინატორი:  საიფ ტაფეექ
პროექტის დაწყების თარიღი: 18.03.2019
პროექტის ხანგრძლივობა:  9 თვე

პროექტი ხორციელდება სტუდენტების მონაწილეობით.
ჯანმრთელობის განმაპირობებელი ფაქტორი დღისათვის განსაზღვრულია და ცნობილია. ცხოვრების ჯანსაღი წესი და ფიზიკური აქტივობა მიეკუთვნება ამ ფაქტორებს. აშკარაა, რომ ქრონიკული დაავადებების უმეტესობა არაჯანსაღი ცხოვრების წესით არის გამოწვეული. მაგალითად: არაჯანსაღი კვება, თამბაქოს მოხმარება, ფიზიკური აქტივობის დეფიციტი, ალკოჰოლის ჭარბად მიღება და ნარკოტული პრეპარატების გამოყენება. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ არაჯანსაღი ცხოვრების წესი განაპირობებს სტრესს, ცუდ განწყობას, თვითშეფასების დაქვეითებას და ადვილად დაღლას, ცხოვრების ჯანსაღი წესი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტუდენტებისთვის. მნიშვნელოვანია მოვახდინოთ სტუდენტთა განათლება ჯანსაღი ცხოვრების წესის პოზიტიური ეფექტების შესახებ, რომლებსაც პირდაპირი ზეგავლენა აქვთ ჯანმრთელობაზე. კვლევა განხორციელდება ჯვარედინი კვლევის დიზაინის გამოყენებით. თვითშეფასების კითხვარის გამოყენებით ჩატარდება თბილისის უნივერსიტეტების სამედიცინო და არასამედიცინო უნივერსიტეტების 18-დან 25 წლამდე დაახლოებით 600 სტუდენტის ინტერვიუ. მიღებული შედეგები გაანალიზდება სტატისტუკურად. კვლევა მიზნად ისახავს, სტუდენტებს შორის ჯანსაღი ცხოვრების წესის განაწილების იდენტიფიკაციას, სტუდენტურ პოპულაციაში ჯანსაღ ცხოვრებასთან დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიკაციას და ამ პრობლემების გადასაჭრელად რეკომენდაციების მიცემას.

სამეცნიერო ხელმძღვანელი: ნინო მუსერიძე
პროექტის დაწყების თარიღი:  01.05.2019
პროექტის ხანგრძლივობა: 10 თვე

პროექტი ხორციელდება სტუდენტების მონაწილეობით.
კუჭის სიმსივნე მსოფლიო მაშტაბით მე-5 ყველაზე გავრცელებულ ავთვსებიან სიმსივნეს და სიკვდილის გამომწვევ მე-3 ყველაზე ხშირ მიზეზს წარმოადგენს. ლაურენის კლასიფიკაციის მიხედვით კუჭის ავთვისებიანი სიმსივნეებს შორის განასხვავებენ ორ ძირითად ტიპს - ინტესტინურსა და დიფუზურს. ეს უკანასკნელი ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული ავთვისებიანი სიმსივნეა. კუჭის მემკვიდრეობითი დიფუზური ტიპის კარცინომა (აუტოსომურ-დომინანტი დაავადება) ხსენებული სიმსივნის ტიპს განეკუთვნება. ის CDH1 გენის მუტაციით არის განპირობებული. დაზიანება უმეტესწილად ინტრაეპითელური კარცინომის სახით ვლინდება, მაკროსკოპულად ზედაპირული ლორწოვანი გარსის დაზიანება არ აღინიშნება. ჩატარებული კვლევების შედეგების თანახმად, CDH1 მუტაციის არსებობისას გასტრექტომიის შემდგომი პოსტოპერაციული მასალის 100%-ში გამოვლინდა in-situ დიფუზური კარცინომა, რომლის ჰისტოლოგიური ზომა 0.1-10 მმ ვარირებდა. CDH1 მუტაციის შესაძლო კორელაცია HER2-ის ექსპრესიასთან, პროლიფერაციულ აქტოვობის მარკერ Ki-67-ისა და ონკოპროტეინ P53 –ის ექსპრესიასთან დღემდე არ არის განსაზღვრული. პროექტის მიზანს სწორედ რომ აღნიშნული კორელაციისა და CDH1 მუტაციის თავისებურებების კვლევა წარმოადგენს.

სამეცნიერო ხელმძღვანელი: მარიამ თევზაძე
პროექტის დაწყების თარიღი: 18.03.2019
პროექტის ხანგრძლივობა: 12 თვე

პროექტი ხორციელდება სტუდენტების მონაწილეობით.
მოცემული პროექტის მთავარი ამოცანაა - ბუნებრივად სინთეზირებული ანტი-აქგ აუტოანტისხეულების დამცავი როლის განსაზღვრა რეპროდუქციული სისტემის სიმსივნეების მქონე პაციენტებში. საპილოტე კვლევაში, რომელიც საფუძვლად დაედო აღნიშნულ პროექტს ჩვენ ვაჩვენეთ, რომ კეთილთვისებიანი გინეკოლოგიური სიმსივნეების (ფიბრომიომა და საკვერცხის კისტა) მქონე პაციენტების სისხლის შრატში ანტი-აქგ და ანტი აქგβ, IgG იზოტიპის, ბუნებრივი ანტისხეულების მნიშვნელოვანი დონეა, მაშინ როდესაც ავთვისებიანი სიმსივნის ( საკვერცხის ადენოკარცინომა, ენდომეტრიუმის კიბო და საშვილოსნოს ყელის კიბო) მქონე პაციენტების სისხლის შრატში იგივე ანტისხეულები მეტად უმნიშვნელოდ არიან წარმოდგენილნი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბუნებრივად წარმოქმნილ ანტი-აქგ ანტისხეულებს აქვთ ბუნებრივი მარეგულირებელი როლი სიმსივნის წარმოქმნის პროცესში და შესაძლოა სწორედ მათ მიერ ხდება კეთილთვისებიანი სიმსივნეების ავთვისებიან სიმსივნედ ტრასფორმაციისაგან დაცვა.

სამეცნიერო ხელმძღვანელი: ტარას გაბისონია
პროექტის დაწყების თარიღი: 18.03.2019
პროექტის ხანგრძლივობა: 6 თვე

პროექტი ხორციელდებოდა სტუდენტების მონაწილეობით.
მსოფლიოს ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციის (WHO) მონაცემების მიხედვით ყოველწლიურად მთელს მსოფლიოში დაახლოებით 2 მილიარდი ადამიანი ავადდება ნაწლავური ინფექციებით. საკვებითა და წყლით გავრცელებადი პათოგენები წარმოადგენენ დაავადებისა და სიკვდილიანობის წამყვან მიზეზს და იწვევენ დაახლოებით 1.8 მილიონამდე ადამიანის სიკვდილს ყოველწლიურად. აღნიშნული პრობლემიდან გამომდინარე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნაწლავური ინფექციების გამომწვევი ბაქტერიული პათოგენების მიკრობიოლოგიური და მოლეკულურ ბიოლოგიური კვლევა. ერთ-ერთ მთავარ საკვებითა და წყლით გავრცელებად პათოგენებს წარმოადგენენ Salmonella-ს, პათოგენური Escherichia coli-ს და Shigella-ს სხვადასხვა სახეობები. NCDC-ს მონაცემების მიხედვით საქართველოში ყოველწლიურად საშუალოდ აღირიცხება ნაწლავური ინფექციების 60 000-მდე შემთხვევა, მათ შორის, სავარაუდო ინფექციური წარმოშობის დიარეების - 30 000-მდე შემთხვევა. საკვებისმიერი და წყლისმიერი პათოგენების მონიტორინგი და კონტროლი ხელს შეუწყობს მათი სიხშირის შემცირებას გარემო არეში, რაც თავის მხრივ, შეამცირებს ადამიანებში აღნიშნული პათოგენით გამოწვეული დაავადებების გავრცელების რისკს. აღნიშნული პათოგენების ადრეული იდენტიფიკაცია მეტად მნიშვნელოვანია სწრაფი და ეფექტური მკურნალობისთვის. ანტიბიოტიკების მიმართ ბაქტერიული შტამების სპეციფიკური რეზისტენტობის გათვალისწინებით, ანტიმიკრობული პრეპარატების მიმართ მგრძნობელობის განსაზღვრა ძალზე მნიშვნელოვანია პათოგენების მონიტორინგისთვის და შეიძლება გამოყენებული იქნას როგორც საჭირო ეპიდემიოლოგიური მარკერი აღნიშნული ბაქტერიებისათვის. წარმოდგენილი პროექტის მიზანია როგორც კლინიკურ სინჯებში, ასევე საკვებ პროდუქტებში (ხორცი, კვერცხი) და წყლის სინჯებში ნაწლავური ინფექციების გამომწვევი ბაქტერიული პათოგენების იდენტიფიკაცია და მათი ანტიბიოტიკების მიმართ გრძნობელობის განსაზღვრა. ამ მიზნის მისაღწევად განხორციელდება შემდეგი აქტივობები:

  • 1 - კლინიკურ სინჯებიდან ნაწლავური ინფექციების გამომწვევი ბაქტერიული პათოგენების გამოყოფა და იდენტიფიკაცია მორფოლოგიური, ბიოქიმიური და სეროლოგიური მეთოდების გამოყენებით
  • 2 - საკვებ პროდუქტებში და წყლის სინჯებში ნაწლავური ინფექციების გამომწვევი კულტურების იდენტიფიკაცია მორფოლოგიური, ბიოქიმიური და სეროლოგიური ტესტების გამოყენებით
  • 3 - ნაწლავური ინფექციების გამომწვევი კულტურების ანტიბიოტიკორეზისტენტობის პროფილების განსაზღვრა

სამეცნიერო ხელმძღვანელი: ეკატერინე კლდიაშვილი
პროექტის დაწყების თარიღი: 18.03.2019
პროექტის ხანგრძლივობა: 6 თვე

პროექტი განხორციელდა სასწავლო კურსზე, "ბიოქიმია 3" დარეგისტრირებული სტუდენტების ჩართულობით.
ონკოლოგიური დაავადებები და მათი მკურნალობა ჯანდაცვის პრიორიტეტული საკითხია. ონკოლოგიურ დაავადებათა განვითარებისათვის კრიტიკული გენები გამოვლენილია, თუმცა მეტასტაზებისა და რეციდივების განვითარებაზე პასუხისმგებელი გენები დღემდე არ არის განსაზღვრული. FOXP3 (Forkhead box protein P3) გენი ერთ-ერთი კანდიდატია. სიმსივნურ უჯრედებში აღნიშნული გენის ექსპრესია კვლევებით დადგენილ ფაქტს (Ebert et al., 2008; Karanikas et al., 2008; Takenaka et al., 2013) წარმოადგენს. FOXP3 გენი X ქრომოსომის მოკლე მხარში არის ლოკალიზებული. ის ტრანსკრიფციულ ფაქტორს აკოდირებს და ექსპრესიის რეგულაციის რთული მექანიზმებით ხასიათდება. სიმსივნურ უჯრედებში აღნიშნული გენის ექსპრესია მარეგულირებელი T უჯრედების Tregs-ებად ტრანსფორმაციის გზით (Liyanage et al., 2006; Li et al., 2007; Yuan et al., 2011) იმუნოსუპრესიის განმაპირობებელ ერთ-ერთ ფაქტორს (Hinz et al., 2007; Cuncha et al., 2012; Waight et al., 2015) წარმოადგენს. ცნობილია, რომ სიმსივნურ ქსოვილში Tregs უჯრედების არსებობა არაკეთილსაიმედო პროგნოზთან არის ასოცირებული (Adeegbe et al., 2013; Ondondo et al., 2013; Sahin et al., 2013). მეტასტაზირების მოლეკულური მექანიზმების თვალსაზრისით ასევე მნიშვნელოვანია SOX2 და OCT4 გენების ინტენსიური ექსპრესია სიმსივნურ უჯრედებში (Xu et al., 2017; Ayob et al., 2018). აღნიშნული გენები ღეროვანი უჯრედების სპეციფიური გენების ჯგუფს მიეკუთვნება. მათ პროდუქტებს ტრანსკრიფციული ფაქტორები წარმოადგენს, რომელთა აქტივობა ემბრიონული განვითარების ნორმული მიმდინარეობისათვის და სხვადასხვა ქსოვილების ფორმირებისათვის არის მნიშვნელოვანი. ამდენად, სიმსივნურ ქსოვილში SOX2 და OCT4 გენების ექსპრესია კიბოს ღეროვანი უჯრედების კონცეფციასთან კორელირებს, რომლის თანახმად ნეოპლაზიური ზრდა ნორმული ქსოვილის განახლების პროცესის ანალოგიურია და კიბოს ღეროვანი უჯრედების სტიმულირებით არის განპირობებული. მით უფრო, რომ ამ უკანასკნელთა სიმსივნურ ქსოვილში არსებობა კვლევებით დადასტურებულია (Batle, 2017). ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ FOXP3 გენის ინტენსიური ექსპრესია მეტასტაზის განვითარების მოლეკულურ წინაპირობას წარმოადგენს და სიმსივნურ ქსოვილში FOXP3 გენის ექსპრესია: განაპირობებს SOX2 და OCT4 გენების აქტივაციას. კორელირებს პროლიფერაციულ აქტივობასთან. პროექტის მიზანს ზემოხსენებული სამეცნიერო ჰიპოთეზის ექსპერიმენტულად დადასტურება წარმოადგენს.

სამეცნიერო ხელმძღვანელი: გელა ბესელია
პროექტის დაწყების თარიღი: 18.03.2019
პროექტის ხანგრძლივობა: 9 თვე

პროექტი ხორციელდება სტუდენტების მონაწილეობით.
წარმოდგენილი პროექტის მიზანია იმუნოტოქსინებით NBM-ის (ბაზალური მსხვილუჯრედოვანი ბირთვის) ქოლინერგული და GABA-ერგული ნეირონების დაზიანების მქონე და საკონტროლო (ცრუოპერირებული) ჯგუფის ცხოველებში მეხსიერების სხვადასხვა ფორმის და დასწავლის პროცესების კვლევა, ასევე, NBM–ის საპროექციო ქერქულ უბნებში მეხსიერების დეფიციტთან ასოცირებული სტრუქტული ცვლილებებისა და ნეიროტრასმიტერთა მარკერების (ქოლინერგული - α7 nAChRs და M1 და გლუტამატერგული GluN2B სუბერთეულის შემცველი NMDA რეცეპტორების ექსპრესიის) ცვლილებების იდენტიფიცირება. მულტიდისციპლინური კვლევა სისტემურ, სტრუქტურულ და მოლეკულურ დონეზე ქმნის წინაპირობას მეხსიერების პროცესებში ბაზალური წინატვინის მამოდულირებელი ფუნქციის შესახებ ახალი ინფორმაციის მიღებისათვის და გვაძლევს შესაძლებლობას გამოვლინდეს კაუზალური კავშირები ბაზალურ წინატვინს, მის საპროექციო უბნებში შიგა ნერვული ქსელების ფუნქციასა და მეხსიერებისა და დასწავლის პროცესებს შორის. მეხსიერებაზე ბაზალური წინატვინის მამოდულირებელი მექანიზმების შეცნობა, ასევე მეხსიერების იმ ასპექტების განსაზღვრა, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ეს სისტემა ხელს შეუწყობს მეხსიერების ფუნდამეტური ნეირობიოლოგიური მექანიზმების შეცნობას და ნეიროდეგენერაციული დაავადების მქონე პაციენტებში მეხსიერების გაუმჯობესებისათვის ახალი სტრატეგიების განსაზღვრას.

სამეცნიერო ხელმძღვანელი: ირინე ბილანიშვილი
პროექტის დაწყების თარიღი: 18.03.2019
პროექტის ხანგრძლივობა: 6 თვე

პროექტი ხორციელდებოდა სტუდენტების მონაწილეობით.
ტემპორალური წილის ეპილეფსიის მქონე ავადმყოფთა უმრავლესობას აღენიშნება ინტერიქტალური ემოციური ქცევითი დარღვევები, აღნიშნულ პროექტში ემოციური დარღვევების განვითარება, გამოვლინება და ნეირონული სუბსტრატი შესწავლილი იქნება , ისეთ ცხოველურ მოდელზე, როგორიცაა `კინდლინგი” (ცხოველური მოდელი, რომელსაც ტემპორალური წილის ეპილეფსიის შესასწავლად იყენებენ) . ჩვენი ვარაუდით, ემოციური დარღვევები შესაძლოა ის ინსტიქტური ქცევითი აქტებია, რომლებიც ანტიეპილეფსიურ ნეიროფიზიოლოგიურ მექანიზმებს ჩართავს..მიღებული შედეგებით ექსპერიმენტულად დამტკიცდება , რომ ინტერიქტალური ემოციური ქცევა ის ენდოგენური შესაძლო მექანიზმია, რომელიც ანტიეპილეფსიური ეფექტით ხასიათდება.