არითმიის ზამთრის სკოლა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ღონისძიებაა, რომელიც მიზნად ისახავს მედიცინის სტუდენტებისა და ახალგაზრდა ექიმების ცოდნის ამაღლებას ელექტროკარდიოგრაფიის (ეკგ) და არითმიის მართვის სფეროებში. წელს, არითმიის ზამთრის სკოლას ბაკურიანმა უმასპინძლა.
სამი დღის განმავლობაში, სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ გაეღრმავებინათ ცოდნა და გამოემუშავებინათ გადაუდებელ სიტუაციებში სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარი. კურსმა ასევე ყურადღება გაამახვილა პირველადი დახმარებისა და არითმიის მართვის მნიშვნელობაზე, რაც აუცილებელია რეალურ კლინიკურ პრაქტიკაში.
ღონისძიებამ თავი მოუყარა როგორც ქართველ, ასევე საერთაშორისო სტუდენტებს. არითმიის სკოლის თითოეული დღე იყო გამორჩეული და სპეციფიკური აქტივობებით დატვირთული. პირველი დღე გაცნობით ხასიათს ატარებდა. მონაწილეებს გაუზიარეს პროგრამის ძირითადი მიზნები და სტრუქტურა. სესიას მოჰყვა თეორიული და პრაქტიკული სამუშაო, სადაც მონაწილეები გაეცნენ ეკგ-ს ინტერპრეტაციის ფუნდამენტურ საკითხებს, მათ შორის სინკოპეს და ყველაზე გავრცელებულ არითმიებს კლინიკურ პრაქტიკაში. ასევე, დარგის სპეციალისტების მიერ ჩატარდა ლექციები. სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია გულის რითმის ფიზიოლოგიურ და პათოლოგიურ ასპექტებზე.
ტრენინგის მეორე დღე მთლიანად ინტერაქციულ სწავლებას დაეთმო. სტუდენტები დაყოფილი იყვნენ მცირე ჯგუფებად და მონაწილეობდნენ სხვადასხვა პრაქტიკულ სესიაში, მათ შორის CPR-ის, სისხლდენის კონტროლისა და ეკგ-ს შემთხვევების განხილვაში. სესიების მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ სამედიცინო ტრენაჟორებისა და მანეკენების დახმარებით გამოევლინათ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება. ეს მიდგომა მიზნად ისახავს დიაგნოსტიკური სიზუსტის გაუმჯობესებას, სწრაფი გადაწყვეტილების უნარის გამომუშავებას და გუნდური მუშაობის მნიშვნელობის განმტკიცებას.
არითმიის სკოლის მესამე დღე ძირითადად საგანმანათლებლო თამაშებით იყო გაჯერებული. დღის ერთ-ერთი მთავარი აქტივობა იყო კონკურსი - ეკგ-ს რთული შემთხვევების ამოხსნა. უნივერსიტეტის მიხედვით, დაკომპლექტდა 7 სტუდენტური გუნდი. შეჯიბრებაში გამარჯვებული გახდა თსა-ს გუნდი და გუნდის ყველა წევრს გადაეცა შესაბამისი სერტიფიკატი.
თსა-ს სტუდენტური კლუბის “გულის მცველების” ხელმძღვანელის რიშუ შაჰისა და მისი მოადგილის გვანცა ომიაძის ორგანიზებით, ჩატარდა ინტერაქციული თამაში Bingo Bonanza. ამ თამაშის საშუალებით, სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცათ სახალისო ფორმით გამოევლინათ საკუთარი ცოდნა.
დღე დასრულდა ტრიაჟის დემონსტრაციით, სადაც სტუდენტებმა აჩვენეს პირველადი გადაუდებელი დახმარებისა და კრიტიკულ სიტუაციაში პაციენტის მართვის უნარები. აღსანიშნავია, რომ თსა-ს სტუდენტებმა ამ შეჯიბრებაშიც პირველი ადგილი დაიკავეს.
არითმიის ზამთრის სკოლა 2025 დაჯილდოების ცერემონიით დასრულდა. სკოლის მონაწილე სტუდენტებს გადაეცათ სერტიფიკატები და სამახსოვრო პრიზები.
“სამი დღის განმავლობაში ჩემი როლი იყო ღონისძიების კოორდინაცია, ჯგუფურ აქტივობებში დახმარება და თითოეული სესიის შეუფერხებლად წარმართვა. არითმიის სკოლა 2025 იყო საინტერესო და დასამახსოვრებელი გამოცდილება როგორც ჩემთვის, ასევე ყველა მონაწილისთვის. სტუდენტებს საშუალება მიეცათ გამოევლინათ საკუთარი ცოდნა, მიეღოთ ახალი გამოცდილება და შეეძინათ ის საჭირო უნარები, რაც აუცილებელია პირველადი გადაუდებელი დახმარების აღმოჩენის პროცესში” - აღნიშნა თსა-ს სტუდენტმა, გვანცა ომიაძემ.
ბოლო სიახლეები
კურიკულუმის კომიტეტში სტუდენტთა წარმომადგენლების არჩევნები
🗓️ 2026-02-27
პოლონეთის დელეგაცია თსა-ში
🗓️ 2026-02-23
თსა-ს პერსონალის საყურადღებოდ!
🗓️ 2026-02-19
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო განათლება თსა-ში
🗓️ 2026-02-19
თსა-ს ადმინისტრაციული პერსონალის საყურადღებოდ!
🗓️ 2026-02-18
EUA-ის ყოველწლიური ფორუმი
🗓️ 2026-02-16
სემინარი კლინიცისტებისთვის
🗓️ 2026-02-13
შიდა მობილობა
🗓️ 2026-02-12
2025-2026 სასწავლო წლის I სემესტრის რეგლამენტი
🗓️ 2026-02-12
