ImmunoHep Symposium 2025

ImmunoHep Symposium 2025

🗓️ 2025-05-08

რატომ არის იმუნიზაცია მნიშვნელოვანი ახალგაზრდებსა და ახალშობილებში და რა გამოწვევების წინაშე დგას თანამედროვე სამყარო - თსა-ს სტუდენტების ორგანიზებით აკადემიამ ImmunoHep Symposium 2025-ს უმასპინძლა.

სიმპოზიუმი გახსნა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, იმუნოლოგმა ამირან გამყრელიძემ. მისი მოხსენება ეხებოდა იმუნიზაციის მნიშვნელობას და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებს. მან ვრცლად ისაუბრა სტატისტიკაზე, თუ რა მდგომარეობაა ამ მიმართულებით საქართველოში და ზოგადად, მსოფლიოში. მომხსენებელმა კიდევ ერთხელ შეახსენა აუდიტორიას იმუნიზაციის ისტორია, როგორ ვითარდებოდა წლებისა და საუკუნეების განმავლობაში. დეტალურად გააცნო კოვიდის დროს არსებული გამოწვევები. ყველაფერი ის, რაც ეკრანს მიღმა ხდებოდა. ისაუბრა საზოგადოების დამოკიდებულებაზე და რეზისტენტულობაზე ამ თემის მიმართ.

ღონისძიების მეორე ნაწილი ასოცირებულ პროფესორს, პედიატრს კონსტანტინე ჩახუნაშვილს დაეთმო. მან ყურადღება გაამახვილა იმუნიზაციის მნიშვნელობაზე ახალშობილებსა და მცირეწლოვნებში. “სტუდენტებისგან მსგავს დისკუსიაში მონაწილეობის მოწვევა პირველად მივიღე და სიამოვნებით ჩავერთე. დღევანდელი თემა ვაქცინაციაა, რომელიც ბოლო დროის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. ბოლო 10 წელია რაც ტროლ-ბოტები აქტიურად მუშაობენ ამ მიმართულებით. ეს დაიწყო ამერიკაში და სამწუხაროდ, ამან შედეგი გამოიღო, რამდენიმე ათეული ბავშვი უკვე არის წითელათი გარდაცვლილი. შესაბამისად, მეცნიერება, ექიმებმა, მედიცინის სტუდენტებმა აქტიურად უნდა ვისაუბროთ და ვიმუშაოთ ამ საკითხებზე, უფრო მრავლად უნდა განვახორციელოთ მსგავსი აქტივობები და ვეცადოთ, რომ ფართო საზოგადოება ჩავრთოთ ამ დისკუსიაში, რათა საინფორმაციო ველი შევავსოთ სწორი ინფორმაციით და არასწორ ინფორმაციას აღარ დავუტოვოთ ადგილი“ - აღნიშნა პედიატრმა კონსტანტინე ჩახუნაშვილმა. 

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტების აქტიურობა დაიწყოს მაშინ, როდესაც დაბალ კურსებზე არიან, რომ გარდა მეცადინეობისა და კლინიკური აქტივობისა, მიეჩვიონ და ჩართულნი იყვნენ ისეთ ღონისძიებებში, რომელიც პირველ რიგში ხელს უწყობს ერთმანეთში ცოდნის გაზიარებას და ცნობიერების ამაღლებას, ასევე საზოგადოებასთან კომუნიკაციას. ვინაიდან, ეს პრობლემა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში მწვავედ დგას და მნიშვნელოვანია სწორი ინფორმაციის გაზიარება.

ღონისძიების ფარგლებში, პრეზენტაცია ასევე წარადგინეს თსა-ს სტუდენტებმა, რომლებიც ახორციელებენ საგრანტო პროექტს “Special Needs Support”, რომლის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა და იმგვარი გარემოს შექმნა, სადაც სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანებიც შეძლებენ საკუთარი ნიჭის გამოვლენას. მათი მოხსენება ეხმიანებოდა ღონისძიების თემას, კერძოდ, რატომ არის მნიშვნელოვანი იმუნიზაცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებში.

სიმპოზიუმში ასევე მონაწილეობდნენ თსა-ს საზოგადოებრივი ჯანდაცვის კლუბისა და სამეცნიერო კლუბის წევრი სტუდენტები. მათ აუდიტორიას გაუზიარეს ინფორმაცია ჰეპატიტების მკურნალობასთან დაკავშირებით. კერძოდ, მკურნალობის ძველი მეთოდები და თანამედროვე ინოვაციები. საზოგადოებრივი ჯანდაცვის კლუბის წევრმა ანა კოპალაძემ კი ღონისძიების დამსწრებს გააცნო სტატისტიკა ვაქცინის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით.

სიმპოზიუმი დასრულდა სკრინინგით. ნეოლაბის გუნდის მონაწილეობით თსა-ს კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრში გაიმართა ჰეპატიტების სკრინინგი, სადაც სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცათ პროფილაქტიკური შემოწმება გაევლოთ.