ვარდისფერი ვორქშოფი თსა-ში

ვარდისფერი ვორქშოფი თსა-ში

🗓️ 2024-10-24

რატომ არის აუცილებელი ძუძუს კიბოს სკრინინგი და რა სერვისებს სთავაზობს ეროვნული სკრინინგ ცენტრი საზოგადოებას? ვარდისფერი ოქტომბერი თსა-ში ამ თემით გრძელდება. ამჯერად აკადემიამ ეროვნული სკრინინგ ცენტრის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელს, თამარ სხირტლაძეს უმასპინძლა. პრეზენტაციის მიზანი იყო ძუძუს კიბოს ადრეული გამოვლენის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება. მომხსენებელმა ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რასაც ამ მიმართულებით აწყდება დღეს ცენტრი, ასევე შეეხო ქვეყანაში არსებულ სტატისტიკურ მდგომარეობას. ამასთან, მან ხაზი გაუსვა იმ პაციენტების პოზიტიურ შედეგებს, რომლებიც დიაგნოზირებულია დაავადების ადრეულ ეტაპზე და აუდიტორიას გაუზიარა მოსაზრებები თუ როგორ უნდა ჩაერთოს მეტი ქალი სკრინინგის პროგრამაში.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ევრიპა დონა საქართველოს წარმომადგენელი ქალები, რომლებმაც დაამარცხეს ეს დაავადება ან ახლა გადიან ამ გზას. მათ საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს სტუდენტებს და მათთან ერთად ისაუბრეს იმ ემოციებზე, რომლებსაც ქალების უმეტესობა განიცდის დიაგნოზის დასმის მომენტში და ასევე, მკურნალობის პერიოდში.

“ამ სტუდენტების თვალებში იმხელა ინტერესი ჩანს, რომ ეს უკვე ძალიან დიდი ბედნიერებაა. ერთი მხრივ, თქვენ აძლევთ ამ ადამიანებს განსაკუთრებულ ცოდნას და უნარებს, როგორც პროფესიონალ ექიმებს და მეორე მხრივ, ზრუნავთ იმაზე, რომ მათ ამ პროფესიულ უნარებთან ერთად, ჰქონდეთ ის ემპათია, რის გარეშეც ექიმი უბრალოდ კომპეტენტური ვერ არის. ექიმის პროფესია არ ნიშნავს მხოლოდ სამედიცინო ცოდნას, ეს ნიშნავს იმას, რომ მას შესწევს უნარი გაიგოს, შეიმეცნოს, შეიგრძნოს პაციენტი. ჩვენი ერთობლივი თანამშრომლობა სწორედ ამას უწყობს ხელს. მთავარი ექიმებშიც იმ რწმენა-წარმოდგენების შეცვლაა, რაც მათ ონკოპაციენტების მიმართ გააჩნიათ. ექიმი, რომელსაც თავად არ ექნება რწმენა, რომ კიბო განაჩენი არ არის, ვერ განკურნავს ვერანაირი მედიკამენტით პაციენტს და ეს თანამშრომლობაში გამოიკვეთება. აი ამ ვორქშოფების საშუალებით სტუდენტები ჩვენთან ერთად ხედავენ ამას” - აღნიშნა ხათუნა ჭინჭარაშვილმა, რომელიც ევროპა დონა ჯორჯია საქართველოს ერთ-ერთი წარმომადგენელი და ამავდროულად ონკოსაზოგადოება “ჰოუფის” ვიცე-პრეზიდენტია.

ღონისძიების დასასრულს, დამსწრეებმა მონაწილეობა მიიღეს ვორქშოფი, სადაც მოირგეს ექიმების, პაციენტებისა და პოლიტიკის განმსაზღვრელის როლები, რათა გაეაზრებინათ იდეები იმის შესახებ, თუ როგორ დაეხმარონ პაციენტებს ამ რთულ გზაზე. თითოეულმა ჯგუფმა წარმოადგინა თავისი მოსაზრება და ის პრაქტიკული მიდგომა, თუ რა უნდა გაკეთდეს ძუძუს კიბოს პაციენტების მხარდასაჭერად და ამ სისტემის გასაძლიერებლად.

"დღევანდელი კონფერენცია იყო როგორც ინფორმაციული, ასევე საინტერესო. პაციენტების მოსმენა, მათი ისტორიების გაზიარება, ნამდვილად შთამაგონებელი იყო და ღირებული წარმოდგენა მოგვცა რეალურ ცხოვრებაში ძუძუს კიბოს გავლენის შესახებ. ვთვლი, რომ მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლება და პაციენტების მხარდაჭერა. 

ვორქშოფიც მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ წარმოვადგენდით ექიმთა ჯგუფს და გვქონდა შესაძლებლობა გვემსჯელა პაციენტების მხარდაჭერის პრაქტიკულ გზებზე, ასევე გვეთანამშრომლა პოლიტიკის შემქმნელებთან. სასიამოვნო იყო ჩვენი იდეების წარმოჩენა და იმის დანახვა, თუ როგორ შეიძლება გაერთიანდეს სხვადასხვა პერსპექტივა, რათა რეალური გავლენა მოახდინოს პაციენტის ცხოვრებაზე” აღნიშნა თსა-ს სტუდენტმა ტარიქ იმრან დოსტმა.