ახალგაზრდა მკვლევართა მე-6 საერთაშორისო სიმპოზიუმს გლობალური ჯანმრთელობის შესახებ ბერლინმა უმასპინძლა. სიმპოზიუმში მონაწილეობის მისაღებად, ბერლინის აკონის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის მიერ თსა-დან მიწვეულნი იყვნენ აკადემიის ინსტიტუციური კულტურის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაკა მაღლაკელიძე და თსა-ს სტუდენტი, სტუდენტური აკადემიის ოპერაციების მიმართულების ხელმძღვანელი ნინო გაგუა.
აკონის უნივერსიტეტში, ნინო გაგუამ გერმანელ აუდიტორიას წარუდგინა კვლევა, რომელიც განხორციელდა ტრანსდისციპლინური ფოტოპროექტის „სოფლის ექიმის 6 დღე“ ფარგლებში. ნინომ, რომელიც პროექტის პირველი სეზონის ერთ-ერთი მონაწილეა, წარადგინა პრეზენტაცია სახელწოდებით “ფოტოკამერის ობიექტივში: სოფლად მაცხოვრებელთა ჯანმრთელობაზე მოქმედი ფაქტორების შესწავლა მედიცინის სტუდენტებთან ერთად”.
მან დამსწრე საზოგადოებას, რომელიც აერთიანებს ჯანდაცვის ექსპერტებს, მეცნიერებს, მკვლევრებს და სამოქალაქო საზოგადოებას, გაუზიარა ფოტოები, ასევე, ისაუბრა ფოტოპროექტის მნიშვნელობაზე და იმ შთაბეჭდილებებზე, რამაც გავლენა იქონია როგორც სტუდენტებზე, ასევე, პროექტში მონაწილე ექიმებზე. „სოფლად მცხოვრებ ექიმებთან ერთად გატარებული დღეები ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ საუკეთესო პერიოდად დარჩება. ყველა სოფლის ექიმს ერთი მთავარი - ადამიანებისა და პროფესიის სიყვარული აერთიანებდათ“ - აღნიშნა ნინომ.
აკონის უნივერსიტეტს მრავალი წელია მჭიდრო კავშირი აქვს საქართველოსთან კვლევისა და სწავლების მიმართულებით. მიმდინარე წლის 2 აგვისტოს, აკონის უნივერსიტეტის დელეგაციის საქართველოში ვიზიტის შემდგომ, თსა-სა და აკონის უნივერსიტეტს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც გულისხმობს აკადემიურ და სამეცნიერო თანამშრომლობას, ასევე გაცვლით პროგრამებს.
გარდა სიმპოზიუმისა, თსა-ს წარმომადგენლები მიწვეული იყვნენ Virchow Prize 2024 წლის ყოველწლიურ ცერემონიაზე დასასწრებად, რომელსაც ბერლინის მერია მასპინძლობდა. Virchow Prize არის საერთაშორისო ჯილდო, “ჯანმრთელობა ყველასათვის”, რომელიც აღნიშნავს განსაკუთრებულ მიღწევას ჯანდაცვის მიმართულებით და სრულ თანხვედრაშია გაეროს 2030 წლის დღის წესრიგის მდგრადი განვითარების მიზნებთან.
წლევანდელი დაჯილდოების ცერემონია გაიმართა ლაურეატების ლუსი გილსონისა და იოჰან როკსტრომის პატივსაცემად და აღინიშნა მათი მიღწევა „ჰოლისტიკური და სისტემებზე დაფუძნებული მიდგომა, რომელიც იცავს ადამიანებისა და პლანეტის ჯანმრთელობას“. Virchow Prize 2024-ის დაჯილდოების ცერემონიას ასევე დაესწრო თსა-ს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე, გლობალური სეფსისის ალიანსის აღმასრულებელი დირექტორი და საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, მარიამ ჯაში.
სიმპოზიუმის დასრულების შემდგომ, თსა-ს წარმომადგენლები, მარიამ ჯაში, მაკა მაღლაკელიძე და ნინო გაგუა მიწვეულნი იყვნენ ჯანმრთელობის მსოფლიო სამიტზე.
2024 წლის ჯანდაცვის მსოფლიო სამიტი 13-15 ოქტომბერს ბერლინში (გერმანია) გაიმართა. ღონისძიება ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდა თემაზე „ნდობის შენება ჯანსაღი სამყაროსთვის“. სამიტი გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის, საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალური დირექტორის ტედროს ადანომ გებრეიესუსის მხარდაჭერით გამართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: პროფესორი კიტ მარტინი - გლობალური ჯანმრთელობის უნივერსიტეტების კონსორციუმის (CUGH) აღმასრულებელი დირექტორი და კანადის პარლამენტის ყოფილი წევრი, როლანდ გოდე - Virchow Foundation-ის აღმასრულებელი დირექტორი და თანადამფუძნებელი, პროფესორი კონრად რაინჰარტი - გლობალური სეფსისის ალიანსის დამფუძნებელი პრეზიდენტი და გერმანიის ლეოპოლდინას მეცნიერებათა აკადემიის წევრი, პროფესორი ლუჩიანო სასო - UNICA-ს გენერალური მდივანი, რომის საპიენსას უნივერსიტეტის პროფესორი, ბილ გეიტსი - ამერიკელი ბიზნესმენი, ფილანტროპი, ინვესტორი და კომპანია Microsoft-ის დამფუძნებელი და სხვ.
ჯანმრთელობის მსოფლიო სამიტი არის უნიკალური საერთაშორისო სტრატეგიული მნიშვნელობის ფორუმი გლობალური ჯანმრთელობისთვის. იგი ყოველწლიურად იმართება ბერლინში და აერთიანებს დაინტერესებულ მხარეებს პოლიტიკიდან, მეცნიერებიდან, კერძო სექტორიდან და სამოქალაქო საზოგადოებისგან მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რათა მხარეთა ჩართულობით შეიქმნას დღის წესრიგი უფრო ჯანსაღი მომავლისათვის.
სამ დღიანმა სამიტმა გააერთიანა 67 სესია, 3500-ზე მეტი მონაწილით მსოფლიოს 140 ქვეყნიდან, ეს კი იყო მნიშვნელოვანი შესაძლებლობა თსა-ს გუნდისთვის გაეფართოებინათ კავშირები სამომავლო ერთობლივი თანამშრომლობისათვის.
ბოლო სიახლეები
კურიკულუმის კომიტეტში სტუდენტთა წარმომადგენლების არჩევნები
🗓️ 2026-02-27
პოლონეთის დელეგაცია თსა-ში
🗓️ 2026-02-23
თსა-ს პერსონალის საყურადღებოდ!
🗓️ 2026-02-19
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო განათლება თსა-ში
🗓️ 2026-02-19
თსა-ს ადმინისტრაციული პერსონალის საყურადღებოდ!
🗓️ 2026-02-18
EUA-ის ყოველწლიური ფორუმი
🗓️ 2026-02-16
სემინარი კლინიცისტებისთვის
🗓️ 2026-02-13
შიდა მობილობა
🗓️ 2026-02-12
2025-2026 სასწავლო წლის I სემესტრის რეგლამენტი
🗓️ 2026-02-12
