დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში (NCDC) თსა-ს ესტუმრა და სტუდენტებს წარუდგინა პროექტი, რომლის მიზანია საზოგადოებაში თამბაქოს მავნებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლება. პრეზენტაცია, სახელწოდებით “გაჯანსაღდი” ჯანმრთელობის ხელშეწყობის და განათლების ფონდის თავმჯდომარემ, გიორგი მაღრაძემ წარადგინა.
- ბატონო გიორგი, მოგვიყევით ამ კამპანიაზე, რას მოიცავს რაზეა აქცენტები დასმული და როგორი მოლოდინები გაქვთ?
- ჩვენი დღევანდელი შეხვედრა გაიმართა ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში და ითვალისწინებს მოზარდებთან და სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრებს. დღევანდელ შეხვედრას ორმხრივი სახე ჰქონდა, ჩვენ მივაწოდეთ მათ ინფორმაცია და მივიღეთ მათგან მოსაზრებები ჯანმრთელობის ხელშეწყობის ჭრილში არსებულ გამოწვევებზე. მაგალითად, საუბარი გვქონდა თამბაქოს სხვადასხვა პროდუქტის მოხმარებაზე, ხაზს ვუსვამ სხვადასხვა პროდუქტს, რადგან მოგეხსენებათ ჩვეულებრივი სიგარეტის გარდა ფართოდაა გავრცელებული ელექტრონული სიგარეტი და გასახურებელი თამბაქო, რომელიც სამწუხაროდ უფრო მეტად პოპულარულია ახალგაზრდებში და ნაკლებად იციან მისი მავნე ზემოქმედების შესახებ. მოვიწვიეთ ახალგაზრდები პოსტერების კონკურსში, სადაც მათ შეეძლებათ ნახატებით, პოსტერებით და სლოგანებით შეიმუშაონ ისეთი მესიჯები, რომლებიც საზოგადოებას მოუწოდებს იყვნენ უფრო პასუხისმგებლობიანი საკუთარი ჯანმრთელობის და გარემოს მიმართ.
- რა მასშტაბებს იძენს ეს კამპანია?
- ეს კამპანია მიმდინარეობს ქვეყნის მასშტაბით და მოიცავს როგორც საინფორმაციო შეხვედრებს, ისე საინფორმაციო მასალების მომზადებასა და გავრცელებას. ამ ეტაპზე შეხვედრები მიმდინარეობს თბილისში სხვადასხვა სკოლებსა და უნივერსიტეტებში. წლის ბოლოს, ვგეგმავთ დასკვნით ღონისძიებას, სადაც შეჯამდება კამპანიის ფარგლებში გადადგმული ნაბიჯები და შედეგები. ასევე, გამოვავლენთ გამარჯვებულებს პოსტერების კონკურსში, რომლებიც საფუძველს ჩაუყრიან მომავალი წლის კამპანიასა და აქტივობებს.
- რა მდგომარეობა გვაქვს ქვეყანაში თამბაქოს მოხმარების ჭრილში?
- სამწუხაროდ, ამ მხრივ ისევ მძიმე მდგომარეობა გვაქვს. მიუხედავად ბოლო პერიოდში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებისა და აქტივობებისა, თამბაქოს მოხმარების მაჩვენებლები ჯერჯერობით კვლავ მაღალია. 2019 წლის მონაცემებთან შედარებით, 2023 წელს, ჩვეულებრივი თამბაქოს მოხმარებაში გარკვეული შემცირება გამოიხატა, თუმცა ამის საპასუხოდ გაორმაგდა ელექტრონული სიგარეტებისა და გასახურებელი თამბაქოს მოხმარება, პროცენტული მაჩვენებელი 7%-დან 15%-მდე გაიზარდა. ეს მაჩვენებელი საკმაოდ დიდ პრობლემას და საფრთხეს წარმოადგენს, განსაკუთრებით იმ მხრივ, რომ ახალგაზრდებში მუსირებს მოსაზრება თითქოს ელექტრონული სიგარეტები ჩვეულებრივი თამბაქოს უფრო ჯანსაღი ალტერნატივაა, რაც სრულიად არ შეესაბამება სიმართლეს, პირიქით.
- სხვა ქვეყნებთან შედარებით, როგორი მდგომარეობაა საქართველოში?
- ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით თამბაქოს მოხმარება საშუალოდ 25-27% შეადგენს. არის ქვეყნები, სადაც მაჩვენებელი ძალიან დაბალია, ზოგან კი 35%-საც კი სცდება. გარკვეული პერიოდის წინ, ჩვენთანაც იყო ასეთი მაღალი მაჩვენებელი, თუმცა საკანონმდებლო ინიციატივებმა ხელი შეუწყო მის შემცირებას. თუმცა, ეს მოდუნების უფლებას არ გვაძლევს და ჩვენ აუცილებლად უნდა ვიმუშაოთ, რომ მინიმალური იყოს თამბაქოს მოხმარება. ბევრი წარმატებული ევროპული ქვეყნის მსგავსად, ჩვენც გვაქვს ინიციატივა, რომ 2018 წლის შემდგომ დაბადებულ ადამიანებს სრულწლოვანების ასაკის მიღწევის შემდგომ არ შეეძლოთ თამბაქოს შეძენა.
- პრაქტიკაში რამდენად კარგად იმუშავებს ეს ინიციატივა?
- მაგალითად, სკანდინავიის ქვეყნებში უკვე დანერგილია ეს ინიციატივა და მიზნად ისახავენ 2035-2040 წელს თამბაქოს მომხმარებელთა ნიშნულმა 10%-მდე დაიწიოს. ზოგადად, პოპულაციაში, სადაც თამბაქოს მომხმარების მაჩვენებელი 5%-მდე ეცემა თავის მხრივ იწვევს თამბაქოს მწარმოებელი კომპანიების იმ კონკრეტულ არეალში ოპერირების შემცირებას და საბოლოო ჯამში გაუქმებას. ჩვენც გვსურს ამ მიმართულებით ვიმუშაოთ, რასაც ბევრი წელი დასჭირდება.
- თამბაქოს ჭრილში საკანონმდებლო ცვლილებები ახსენეთ, რას გულისხმობდით?
მაგალითად, 2018 წლის კანონი, რომელმაც დახურულ სივრცეებში თამბაქოს მოხმარება სრულად აკრძალა. ასევე, სავაჭრო რეგულაციები, რომლებმაც შეამცირეს თამბაქოს დახლების ხილვადობა. 2025 წლის პირველი აპრილიდან ასევე იცვლება თამბაქოს კოლოფების შეფუთვა, რაც გულისხმობს სადა ვიზუალის ერთნაირ შეფუთვას უნიფიცირებული სახელწოდებებით. ხოლო აქციზის გადასახადის გაზრდით, გაიზრდება თამბაქოს საბაზრო ღირებულება. სამწუხაროდ, თამბაქოს წარმოების ინდუსტრიაც არ დგას ერთ ადგილზე და ჩვენი ინიციატივების პარალელურად რეკლამირებას უკეთებენ ახალ პროდუქტებს და ცდილობენ შეასუსტონ კანონი, რაც იწვევს თამბაქოს ხელმისაწვდომობის გაზრდას.
- დღესდღეობით, საქართველოში და არამხოლოდ, როგორც ახსენეთ ძალიან პოპულარულია ელექტრონული სიგარეტები და გასახურებელი თამბაქო. არის მოსაზრება რომ ეს პროდუქტები უფრო ჯანსაღია ვიდრე ჩვეულებრივი თამბაქო?
-დიახ, სამწუხაროდ ეს მოსაზრება ნამდვილად მუსირებს ახალგაზრდებში, ჩვენ ამაზეც ვისაუბრეთ დღეს. ზოგადად, ახალგაზრდები აპელირებენ იმით, რომ ელექტრონული სიგარეტები ცარიელი, არომატიზებული ორთქლია, არ იწვის, არ გამოყოფს ქიმიკატებს და ზიანი არ მოაქვს, მაგრამ ეს მოსაზრებები სრულად მცდარია. ელექტრონული სიგარეტები „გამდიდრებულია“ მძიმე მეტალებით, ფორმალდეჰიდით, გლიცერინით ა.შ., მაგრამ რაც ყველაზე მთავარია - ნიკოტინით, რომელიც იწვევს ამ მავნე დამოკიდებულებას.
ამერიკაში ფილტვის განლევის მასიური დიაგნოზების შემდეგ განგაშის ზარმა დააინიციირა მრავალი კვლევა რომელიც ელექტრო სიგარეტების მავნებლობას მიეძღვნა. ახალგაზრდა პაციენტებში ფიქსირდებოდა ფილტვის ქსოვილების დაშლა და ზოგადად, ფილტვების განლევა. კარგა ხნის განმავლობაში გაურკვეველი იყო მათი ეს მდგომარეობა და მიზეზი თუ რა იწვევდა ამას, სანამ ექიმებმა პაციენტების ერთადერთ საერთო მაკავშირებელ ფაქტორს - ელექტრო სიგარეტების მოხმარებას არ მიაკვლიეს.
ამის შემდგომ, ელექტრონული სიგარეტებით გამოწვეულ ფილტვების პრობლემებს ოფიციალური დიაგნოზი მიენიჭა და დაერქვა EVALI (ელ. სიგარეტების გამოყენებასთან ასოცირებული ფილტვების დაზიანება). სხვადასხვა ღონისძიებით, აქტივობით, ინიციატივებით იმედი გვაქვს, რომ მოსახლეობაში შევამცირებთ თამბაქოს მოხმარებას. ამ პროცესებს ესაჭიროება მუდმივი მუშაობა და ზედამხედველობა, რომ სასურველი შედეგი მივიღოთ.
თსა-ს მესამე მისიაა ემსახუროს საზოგადოებას და მათი საჭიროებების გათვალისწინებით განახორციელოს კამპანიები. ამასთან, აღნიშნული კამპანია შესაბამისობაშია გაეროს მდგრადი განვითარების მე-3 და მე-13 მიზანთან, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის, კეთილდღეობის და გარემოსდაცვითი ღონისძიებების ადვოკატირებას.
სასარგებლო ბმულები:
https://shorturl.at/I24bn
https://shorturl.at/ol2g7
https://shorturl.at/hzGai
ბოლო სიახლეები
კურიკულუმის კომიტეტში სტუდენტთა წარმომადგენლების არჩევნები
🗓️ 2026-02-27
პოლონეთის დელეგაცია თსა-ში
🗓️ 2026-02-23
თსა-ს პერსონალის საყურადღებოდ!
🗓️ 2026-02-19
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო განათლება თსა-ში
🗓️ 2026-02-19
თსა-ს ადმინისტრაციული პერსონალის საყურადღებოდ!
🗓️ 2026-02-18
EUA-ის ყოველწლიური ფორუმი
🗓️ 2026-02-16
სემინარი კლინიცისტებისთვის
🗓️ 2026-02-13
შიდა მობილობა
🗓️ 2026-02-12
2025-2026 სასწავლო წლის I სემესტრის რეგლამენტი
🗓️ 2026-02-12
