პროექტი - “WM3R - ნარჩენების მართვა”

პროექტი - “WM3R - ნარჩენების მართვა”

🗓️ 2025-04-07

“WM3R - ნარჩენების მართვა” – ეს ერთ-ერთი პროექტია იმ სტუდენტურ ინიციატივებს შორის, რომელმაც სოციალური და კულტურული სტუდენტური პროექტების კონკურსში გაიმარჯვა. პროექტის ავტორები ავთანდილ სამადალაშვილი და მედეა კუსიანი არიან, რომლებიც აქტიურად ახორციელებენ პროექტით განსაზღვრულ აქტივობებს, რაც მოიცავს შეხვედრებსა თუ ვორქშოპებს. პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდების ჩართულობას და ინფორმირებას გარემოსდაცვითი თუ მდგრადი განვითარების საკითხებზე, ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას და აქტიურ მონაწილეობას მდგრადი განვითარების გზებში.

სტუდენტების ინიციატივით უკვე გაიმართა შეხვედრა საქართველოში მოქმედ იმ ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლებიც გარემოსდაცვით საკითხებზე მუშაობენ. მათ, შორის CENN-თან, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციაა კავკასიის რეგიონში და მრავალი წელია მდგრადი განვითარების მიზნების მიმართულებით ახალგაზრდებთან მუშაობს. მათი ერთ-ერთი მიმართულება ნარჩენების მართვაა. მათ იციან, რომ "ორი ბოთლის ერთით ჩანაცვლება, თავსახურს გვაზოგვინებს, ეს მცირედია, მაგრამ საბოლოოდ მიზნის მისაღწევად გადადგმული დიდი ნაბიჯია" - სწორედ ამ თემაზე ესაუბრა ორგანიზაციის წარმომადგენელი ელენე ბედენაშვილი პროექტის მონაწილე ახალგაზრდებს.

შეხვედრა ასევე შედგა ორგანიზაცია “სადაგის” წარმომადგენლებთანაც. “სადაგი” - საქართველოს დამლაგებელთა გილდიაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის დასუფთავებას, მისი ბუნების დაცვასა და გაჯანსაღებას. ორგანიზაცია ცდილობს ადამიანებს დაანახოს, რომ ძალების და იდეების გაერთიანებით შესაძლებელია იმ პრობლემის გადაჭრა, რომელიც თითოეულ ჩვენგანს და ჩვენი ოჯახების ჯანმრთელობას ეხება. ორგანიზაციის წარმომადგენელმა მაია მესტუმრემ ისაუბრა  პრაქტიკულ ნაწილზე, ორგანიზაციის გამოცდილებაზე და მასშტაბებზე, რომელსაც ყოველ წელს “სადაგი” ფარავს. 

გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში სტუდენტები შეხვდნენ ორგანიზაცია “ჩემი ქალაქი მკლავს” წარმომადგენლებს. შეხვედრაზე ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჯაფარიძემ ისაუბრა ჰაერის დაბინძურებისა და ამ კუთხით პრობლემების აღმოფხვრის შესახებ. ასევე, სტუდენტებს გააცნო ყველა ის ინიციატივა, რომელსაც ორგანიზაცია ახორციელებს ზემოაღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად. 

მნიშვნელოვანია, რომ სამომავლოდ ორგანიზაციის საქმიანობაში თსა-ც ჩაერთვება. გიორგი ჯაფარიძე აკადემიას საჩუქრად გადასცემს აპარატს, რომელიც ჰაერის დაბინძურების დონეს განსაზღვრავს. აღსანიშნავია, რომ თავად აპარატიც გადამუშავებული პლასტმასისგან მზადდება სპეციალურად თსა-სთვის. 

პროექტის ფარგლებში, შეხვედრა სოციალური საწარმოს წარმომადგენლებთანაც შედგა. “ტენე” და "Plastic watcher”  ის საწარმოებია, რომლებიც წლებია პლასტმასის ნარჩენის გადამუშავებით უამრავ საინტერესო და გამოსადეგ ნივთებს ქმნიან. 

ორგანიზაცია “ტენეს” ხელმძღვანელმა სანდრო ლილუაშვილმა და სოციალური საწარმო “Plastic Watcher”-ის წარმომადგენელმა ეკა ასათიანმა მონაწილეებს გაუზიარეს ინფორმაცია იმ გზებისა და მეთოდების შესახებ, რასაც თავად იყენებენ ნარჩენებისთვის ახალი სიცოცხლის მისაცემად. “ტენე” დამტენებს ქმნის პლასტმასის ნარჩენისგან, ხოლო “Plastic Watcher”- საწვიმრებს, სხვადასხვა აქსესუარს, ჩანთებსა და ქოლგებს. 

“პირველ რიგში გმადლობთ, რომ მომიწვიეთ. ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა ვესაუბრო ახალგაზრდებს. მომწონს ის, რომ ძალიან გონიერი და სხარტი ახალი თაობაა. მისასალმებელია, რომ ფიქრობთ პლანეტარული ჯანმრთელობის საკითხებზე. გისურვებთ, რომ უფრო მეტი და მეტი განვითარებაზე ორიენტირებული პროექტები განგეხორციელებინოთ“ - აღნიშნა ეკა ასათიანმა.

სტუდენტური პროექტის განხორციელება დასუფთავების აქციით გაგრძელდება, რომელშიც მონაწილეებთან ერთად, პარტნიორი ორგანიზაციებიც ჩაერთვებიან. საბოლოოდ, კი - კონფერენციით დაიხურება, რომელზე დასწრებაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება. მონაწილეები კონფერენციაზე პრეზენტაციებს წარადგენენ იმ თემების ირგვლივ რომლებიც სამი თვის განმავლობაში პროექტის მსვლელობისას აითვისეს. 

“სტუდენტური პროექტი “WM3R - ნარჩენების მართვა” სამ თვიანია და ნარჩენების მართვის თითქმის ყველა ასპექტს მოიცავს. მონაწილეები ზოგად ინფორმაციასთან ერთად, ერთ სფეროში, სხვადასხვა კუთხით მომუშავე სოციალურ საწარმოებსა და ორგანიზაციებს ხვდებიან და მათ გამოცდილებას ეცნობიან. ვფიქრობთ, რომ აღნიშნული მეტად მამოტივირებელია და ქმნის მდგრად ურთიერთობებს მდგრადი განვითარებისთვის” - აღნიშნა პროექტის ხელმძღვანელმა ავთანდილ სამადალაშვილმა.