თბილისის სამედიცინო აკადემიამ დენდი კლუბის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას NeuroGuard: Immune Insights უმასპინძლა. ღონისძიება ნეიროიმუნოლოგიის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სფეროს ეხებოდა და ნერვულ და იმუნურ სისტემებს შორის არსებულ კავშირს უსვამდა ხაზს. კონფერენცია მოიცავდა საინტერესო დისკუსიებს, ექსპერტების მიერ წარმოდგენილ პრეზენტაციებსა და პრაქტიკულ სემინარებს, რომლებიც ამ ახალი სფეროს შესახებ თანამედროვე მიდგომებს უზიარებდა დამსწრე აუდიტორიას.
კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი იყო თსა-ს ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის თანახელმძღვანელი, მოწვეული ლექტორი, დერმატოლოგ-ვენეროლოგი კახა ბრეგვაძე, რომელმაც ატოპიური დერმატიტის ნეიროიმუნოლოგია განიხილა. მან ხაზი გაუსვა ნეიროიმუნოლოგიის სამომავლო კვლევის უზარმაზარ პოტენციალს. „მომწონს, თუ როგორ უსვამს ხაზს კონფერენციის თემა ნეიროიმუნოლოგიას, რომელიც კვლევის ფართო სფეროა და რომელსაც მრავალი ასპექტი სჭირდება შესასწავლად, განსახილველად და მომავალი კვლევებისთვის იდეების შესამუშავებლად“ - აღნიშნა მან.
ნევროლოგმა ნიკა კვერნაძემ პრეზენტაცია წარადგინა მიასთენია გრავისისა და აუტოანთებითი დაავადებების შესახებ. ნეიროქირურგმა მანჩაბან სინგჰ ბედიმ კი განიხილა იმუნიტეტის რეაქცია სპინალური ოპერაციის დროს.
დარგის ექსპერტთა სესიების გარდა, კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო სტუდენტების პრეზენტაციები.
პრეზენტაციები წარადგინეს შემდეგმა სტუდენტებმა:
• მანჩო ლომაძე (თსა) – “გაფანტული სკლეროზი და ახალი თერაპიული მიდგომები”;
• ააკანკშა საჰარანი (თსსუ) - „შეუსაბამობის ნეგატივი, როგორც შიზოფრენიის პოტენციური ნეიროფიზიოლოგიური ბიომარკერი”;
• საჯა აჰმედი (ილიას უნივერსიტეტი) - „ცხოვრება იშვიათ დაავადებებთან ერთად“;
• აიშვარია ეჟილი (ევროპის უნივერსიტეტი) - „ღეროვანი უჯრედების თერაპიის ეფექტურობა ცერებრალური დამბლის დროს“.
ზემოაღნიშნული კვლევა, რომელიც წარადგინა აიშვარია ეჟილმა განხორციელდა საერთაშორისო სტუდენტების გუნდის ჩართულობით, კერძოდ: რაგაბენდრა კუმარ მაჰატო (განდაკის სამედიცინო კოლეჯი, ნეპალი), საიდ იბად ჰუსეინი (ჯინა სინდის სამედიცინო უნივერსიტეტი, პაკისტანი) და ამრენდრა კუმარ მაჰატო (ნობელის სამედიცინო კოლეჯი, ნეპალი).
კონფერენციის ფარგლებში ასევე წარმოდგენილი იყო სემინარები, რაც პრაქტიკულ სასწავლო გამოცდილებას იძლეოდა. ნევროლოგმა ნინო ხუბულავამ აუტოიმუნური ენცეფალიტის შესახებ სემინარი ჩაატარა, ხოლო მარიამ კვეზერელმა ნეიროიმუნოლოგიური დარღვევები მიმოიხილა. „ამ კონფერენციაში ყველაფერი მომეწონა, განსაკუთრებით სტუდენტები, რომლებმაც თავი კომფორტულად გვაგრძნობინეს. აუდიტორია ძალიან ინტერაქციული და ინტელექტუალურად ჩართული იყო. იმედი მაქვს, მომავალში ნეიროიმუნოლოგიის კონფერენციებს კიდევ ვიხილავ, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი სფეროა“ - აღნიშნა მან საკუთარი პრეზენტაციის დასასრულს.
კონფერენციის ფარგლებში, დენდი კლუბის სენატორმა, მილანა ოსტროვსკიმ ანატონომიური მაგიდის (anatmage) ვორქშოპი ჩაატარა. ამან კი მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა, გასცნობოდნენ ინოვაციურ ტექნოლოგიებს, რაც კომპლექსური სამედიცინო შემთხვევების უფრო სიღრმისეულ შესწავლას უწყობს ხელს.
ღონისძიებას დადებითი შეფასება მოჰყვა სტუდენტების მხრიდანაც. ალტეს უნივერსიტეტის სტუდენტმა ნანდინი აჰუჯამ აღნიშნა: „მომეწონა მთავარი მომხსენებლები და განსაკუთრებით Anatomage-ის სემინარი - ეს იყო სრულიად ახალი რამ, რაც ვისწავლე. ეს საოცარი იყო!“
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის სტუდენტმა ატრუმ ალიმ ასევე აღნიშნა, რომ „ღონისძიება ძალიან საინტერესო იყო. ბევრი რამ ვისწავლე, განსაკუთრებით ექიმებისგან, რომლებმაც რეალური შემთხვევების ანალიზი გაგვიზიარეს. ასევე, Anatomage-ის სემინარი შესანიშნავი პრაქტიკული გამოცდილება იყო“.
NeuroGuard-ის კონფერენციის წარმატება ხაზს უსვამს სტუდენტებს, აკადემიურ პერსონალსა და სამედიცინო პროფესიონალებს შორის თანამშრომლობას. ეს იყო ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების ერთგვარი პლატფორმა, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, ინტერდისციპლინარული სწავლების მნიშვნელობა და ნეიროიმუნოლოგიაში კვლევისა და მსჯელობის მუდმივი საჭიროება.
ბოლო სიახლეები
კურიკულუმის კომიტეტში სტუდენტთა წარმომადგენლების არჩევნები
🗓️ 2026-02-27
პოლონეთის დელეგაცია თსა-ში
🗓️ 2026-02-23
თსა-ს პერსონალის საყურადღებოდ!
🗓️ 2026-02-19
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო განათლება თსა-ში
🗓️ 2026-02-19
თსა-ს ადმინისტრაციული პერსონალის საყურადღებოდ!
🗓️ 2026-02-18
EUA-ის ყოველწლიური ფორუმი
🗓️ 2026-02-16
სემინარი კლინიცისტებისთვის
🗓️ 2026-02-13
შიდა მობილობა
🗓️ 2026-02-12
2025-2026 სასწავლო წლის I სემესტრის რეგლამენტი
🗓️ 2026-02-12
