მოხალისეობრივი პროექტი - "Tomorrow Begins Today"

მოხალისეობრივი პროექტი - "Tomorrow Begins Today"

🗓️ 2025-06-17

"Tomorrow Begins Today" — თსა-ს სტუდენტების მოხალისეობრივი პროექტია, რომელიც „სტუდფესტი 2025“-ის ფარგლებში განხორციელდა. პროექტის მიზანია ორსულ ქალებსა და ახალბედა დედებს მიაწოდოს სანდო და პრაქტიკული ინფორმაცია სკრინინგების აუცილებლობისა და უსაფრთხო ორსულობის შესახებ, ასევე ლაქტაციის პროცესისა და მისი მნიშვნელობის, ახალშობილთა სწორი მოვლისა და აღზრდის ტექნიკების შესახებ. ჯანმრთელობა იწყება მუცლადყოფნიდან, სწორედ ამიტომ ეს პროექტი ემსახურება ცნობიერების ამაღლებას ამ მიმართულებით.

თსა-ს სტუდენტების იდეა დაფუძნებულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) 2025 წლის თემაზე - “Healthy beginnings, hopeful futures”, რომლის მთავარი მიზანია პოპულარიზაცია გაუწიოს დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობას. 

პროექტის ფარგლებში სტუდენტებმა საბა ზაქრაძემ, ანუკი გაბრიჭიძემ, ელენე საჯაიამ, სოფო შამუგიამ და თათა ტატალაშვილმა ჩაატარეს აქტივობები მოხალისეობრივ მშობელთა სკოლაში. მთავარ აქტივობას, რომელსაც სპეციალურად მოწვეული ჟიური აფასებდა, წინ უძღვოდა საინფორმაციო შეხვედრები და ვორქშოპები.

მშობელთა სკოლის მსმენელებს მიეწოდათ ინფორმაცია ახალშობილებში პირველად დახმარებაზე, რა ითვლება ახალშობილებში გადაუდებელ მდგომარეობად, რა არის ნორმა და რა მოითხოვს დაუყოვნებლივ ყურადღებას.  ასევე, ღუდუშაურის კლინიკის მეან-გინეკოლოგი და ასოცირებული პროფესორი, თსა-ს მოწვეული ლექტორი ლარისა მელია ესაუბრა ოქრულებს ორსულობის მიმდინარეობაზე. რა უნდა იცოდეს მომავალმა დედამ, როგორ იზრდება ნაყოფი კვირიდან კვირამდე, როგორ იცვლება ქალის სხეული და რა ტესტების ჩატარებაა მნიშვნელოვანი. 

შემაჯამებელი აქტივობა კი მიზანად ისახავდა ორსულთათვის ახალშობილის მოვლის ეტაპების გაზიარებას მისი დაბადების პირველივე წამიდან. ამ საკითხზე აუდიტორიას ესაუბრა ღუდუშაურის კლინიკის ნეონატოლოგი თამარ ღვალაძე. შეხვედრა ტრადიციულად ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა და ორსულებს შესაძლებლობა ჰქონდათ მათთვის საინტერესო ნებისმიერ შეკითხვაზე მიეღოთ პასუხი.  აქტივობის ბოლოს მშობლებს სამახსოვროდ გადაეცათ საინფორმაციო ბუკლეტები, სტუდენტების დიზაინით შექმნილი საჩუქრები, ორსულობის დღიური და სათამაშო. 

პროექტის შემაჯამებელ აქტივობას სპეციალური ჟიური დაესწრო. ჟირის ერთ-ერთმა წევრმა, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენელმა თინათინ კიკაბიძემ დადებითად შეაფასა თსა-ს ტუდენტების პროექტი, მათ მიერ განხორციელებული აქტივობები და ისაუბრა მოხალისეობის მნიშნელობაზე. “მოხალისეობრივი აქტივობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ფასეულია მედიცინის სტუდენტებისთვის და მომავალი ექიმებისთვის, რადგან ის ხელს უწყობს პროფესიული და პიროვნული კომპეტენციების განვითარებას. ასევე, მოხალისეობრივი აქტივიზმი წითელი ჯვრის ორგანიზაციისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ფუნდამენტურ ღირებულებად მიიჩნევა. სწორედ მოხალისეები წარმოადგენენ იმ ძალას, რომელიც ორგანიზაციის ჰუმანიტარულ მისიას უდიდეს მნიშვნელობას სძენს საზოგადოებაში. ეს თემა კი, რაც სტუდენტებმა ასე ფართოდ წარმოადგინეს, უდაოდ ერთ-ერთი მნიშნელოვანი გამოწვევაა დღეს” - აღნიშნა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ფონდების მოძიების კოორდინატორმა თინათინ კიკაბიძემ.

მოხალისეობრივი პროექტის შესახებ ინფორმაციის ფართოდ გავრცელების მიზნით, თსა-ს სტუდენტებმა ასევე ჩაწერეს ინტერვიუ აფხაზეთის ტელევიზიასთან და ისაუბრეს საკითხის აქტუალობის შესახებ.

სტუდფესტი 2025-ის ფარგლებში დაგეგმილი მოხალისეობრივი კონკურსის შედეგები მიმდინარე წლის სექტემბერში გახდება ცნობილი.