სოფლის ექიმის 6 დღე - ლეჩხუმი, სვანეთი

სოფლის ექიმის 6 დღე - ლეჩხუმი, სვანეთი

🗓️ 2025-06-23

“ადამიანები, რომელთაც საკუთარი თავის სხვების კეთილდღეობისთვის მიძღვნა შეუძლიათ, მხოლოდ ზღაპრებში არ არსებობენ, ისინი ჩვენს შორის არიან..." - ეს ფრაზა ფოტოპროექტ “სოფლის ექიმის 6 დღის” მესამე სეზონის მონაწილე სტუდენტის ჩანაწერიდანაა. სტუდენტის, რომელიც ერთ კვირიან ექსპედიციაში თანატოლებთან ერთად ლეჩხუმსა და სვანეთში იმყოფებოდა. 

თსა-ს ტრანსდისციპლინური ხასიათის ფოტოპროექტმა წელს საქართველოს კიდევ ორი რეგიონი, ლეჩხუმი და სვანეთი მოიცვა. თსა-ს ხუთმა სტუდენტმა მესტია, ჭუბერი, ბეჩო, უსახელო, ცხუმარი და ღვირიში მოიარა და იქ მომუშავე სოფლის ექიმების ცხოვრება ფირზე აღბეჭდა, ხოლო ყველა ის ემოცია თუ ამბავი, რაც ფირმა ვერ დაიტია, ჩანაწერების სახით გააცნო საზოგადოებას.

მულტიმედია ფორმატში წარმოდგენილ გამოფენას, თბილისის სამედიცინო აკადემიის საგმფენო სივრცემ უმასპინძლა. ასევე, შედგა ჟურნალის “სოფლის ექიმი” პრეზენტაცია. ჟურნალის, რომელშიც სტუდენტები ლეჩხუმსა და სვანეთში მომუშავე სოფლის ექიმების ცხოვრებას მოუთხრობენ საზოგადოებას.

ფოტოპროექტის მიზანი მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები ექიმების ცნობადობის გაზრდა და სტუდენტებში სამედიცინო პროფესიონალიზმის გაღვივებაა. ამასთან, იგი ორიენტირებულია წარმოაჩინოს სოფლის ექიმის როლი, მნიშვნელობა და თავდადება საზოგადოების წინაშე. ასევე, ხელი შეუწყოს მაღალმთიან რეგიონებსა და სოფლებში ახალგაზრდა ექიმების დასაქმების მოტივაციას.

პროექტმა სამი სეზონი, საქართველოს ოთხი რეგიონი და 17 სტუდენტი გააერთიანა.  პირველი სეზონი, მაღალმთიანი აჭარის სოფლებში: სხალთაში, ღორჯომში და დაბა ხულოში განხორციელდა. მომდევნო სეზონს კი გურიამ უმასპინძლა. პროექტის მონაწილე ექვსმა სტუდენტმა ჩხაკოურას, ქვაბღა, ზემო სურების, საჭამიასერისა და ვანზომლეთის სოფლის ექიმები გააცნო საზოგადოებას ფოტოებისა და ჩანაწერების საშუალებით. პროექტმა მესამე, დასკვნით ეტაპზე, საქართველოს ორი რეგიონი, ლეჩხუმი და სვანეთი მოიცვა.

მნიშვნელოვანია, რომ პროექტს განგრძობითი ხასიათი აქვს და თსა აგრძელებს პროექტის მონაწილე სოფლის ექიმებთან თანამშრომლობას სხვადასხვა ფორმით. აკადემიამ სოფლის ექიმების მონაწილეობით გასულ წელს აჭარაში კანის კიბოს სკრინინგი ჩაატარა. ასევე, პროექტის მონაწილე ექიმებისთვის თსა უზრუნველყოფს ინგლისური ენის ონლაინ კურსებს. გარდა ამისა, აკადემია გეგმავს გურიის რეგიონში ერთ-ერთი ამბულატორიის კეთილმოწყობას და ასევე, ქალაქში და სოფლად მცხოვრები ექიმებს შორის პროფესიონალური კუთხით კავშირისა და თანამშრომლობის გაღრმავებას. 

პროექტი “სოფლის ექიმის ექვსი დღე” თავისი ტრანს-დისციპლინური ხასიათითა და საზოგადოების კეთილდღეობაზე ორიენტირებული მიზნებით, ეხმიანება თსა-ს მისიას და ინსტიტუციური სოციალური პასუხისმგებლობის წარმატებული მაგალითია.