ხილული ხმა — როცა ჟესტები სიტყვებზე მეტს ამბობენ. კომუნიკაცია მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. მაგრამ როგორ დავრწმუნდეთ, რომ მედიცინა ხელმისაწვდომია მაშინაც კი, როცა სიტყვიერი კომუნიკაცია შეუძლებელია?
თსა-მ საქართველოს ყრუთა კავშირის ვიცე - პრეზიდენტს მაია მეტონიძეს უმასპინძლა, რომელიც სტუდენტებს მედიცინაში ჟესტური ენის მნიშვნელობაზე ესაუბრა.
“დიდი სიამოვნებით დავთანხმდი სტუდენტების შემოთავაზებას, რომ სტუმრად მოვსულიყავი თბილისის სამედიცინო აკადემიაში, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლება ამ კუთხით. ვისაუბრეთ ჟესტური ენის ცოდნასა და მის გამოყენებას რა სარგებლობა მოაქვს სხვადასხვა პროფესიაში, განსაკუთრებით კი მედიცინაში. ვფიქრობ, რომ ექიმისა და პაციენტის ურთიერთობა კომუნიკაციაზეა დაფუძნებული, მისი ანამნეზი და დიაგნოზი აისახება პაციენტის სწორად აგებულ ისტორიაში. შესაბამისად, შშმ პირებთან სწორი კომუნიკაცია განმსაზღვრელი ფაქტორია” - აღნიშნა მაია მეტონიძემ.
მომხსენებელმა დამსწრე აუდიტორიას გაუზიარა გამოცდილება და ისაუბრა იმ ყოველდღიურ დაბრკოლებებზე, რომლებსაც აწყდებიან სმენადაქვეითებული და ყრუ ადამიანები — იქნება ეს სამედიცინო სერვისებზე წვდომა, კომუნიკაციის სირთულეები თუ სისტემური ბარიერები.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჟესტური ენის როლს ჯანდაცვის სფეროში— როგორც ეფექტური და თანასწორი კომუნიკაციის იარაღს. მაია მეტონიძემ მკაფიოდ გაუსვა ხაზი იმ აუცილებლობას, რომ სამედიცინო პერსონალი უნდა იცნობდეს ან, მინიმუმ, ხელმისაწვდომი უნდა ჰყავდეს ჟესტური ენის თარჯიმანი, რათა სმენადაქვეითებული და ყრუ პაციენტების საჭიროებები არ დარჩეს უყურადღებოდ.
„როგორც მომავალი ექიმისთვის, ეს ღონისძიება ძალიან საინტერესო იყო. კიდევ ერთხელ დამაფიქრა იმაზე, რომ ჯანდაცვა მხოლოდ დიაგნოზი და მკურნალობა არ არის — კომუნიკაციაა მთავარი ხიდი პაციენტსა და ექიმს შორის. სმენის დაქვეითება არ უნდა იყოს ბარიერი და კომუნიკაცია ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს” - აღნიშნა თსა-ს სტუდენტმა ანა გაბრიჭიძემ, რომელიც ამავდროულად თსა-ს საზოგადოებრივი ჯანდაცვის კლუბის ხელმძღვანელი და საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სტუდენტური ასოციაციის (GSAPH) დამფუძნებელი და პრეზიდენტია.
ღონისძიება, რომელიც გაიმართა ინკლუზიურობისადმი მიძღვნილი სერიების ფარგლებში — „ხელმისაწვდომი ჯანდაცვის საუბრები: ხილული ხმა“ ორგანიზებული იყო თბილისის სამედიცინო აკადემიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კლუბისა და საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სტუდენტური ასოციაციის (GSAPH) მიერ და მიზნად ისახავდა ჯანდაცვის სფეროში სმენადაქვეითებული და ყრუ პირთა საჭიროებების და საკითხების გააზრებას, ასევე ინკლუზიური მიდგომების გაძლიერებას.
ბოლო სიახლეები
კურიკულუმის კომიტეტში სტუდენტთა წარმომადგენლების არჩევნები
🗓️ 2026-02-27
პოლონეთის დელეგაცია თსა-ში
🗓️ 2026-02-23
თსა-ს პერსონალის საყურადღებოდ!
🗓️ 2026-02-19
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო განათლება თსა-ში
🗓️ 2026-02-19
თსა-ს ადმინისტრაციული პერსონალის საყურადღებოდ!
🗓️ 2026-02-18
EUA-ის ყოველწლიური ფორუმი
🗓️ 2026-02-16
სემინარი კლინიცისტებისთვის
🗓️ 2026-02-13
შიდა მობილობა
🗓️ 2026-02-12
2025-2026 სასწავლო წლის I სემესტრის რეგლამენტი
🗓️ 2026-02-12
