მიღწევები პედიატრიულ ნეიროქირურგიაში

მიღწევები პედიატრიულ ნეიროქირურგიაში

🗓️ 2025-07-31

„მიღწევები პედიატრიულ ნეიროქირურგიაში “ - თსა-მ ამ სახელწოდების სტუდენტურ სიმპოზიუმს უმასპინძლა. ღონისძიებამ გააერთიანა სტუდენტები და ნეიროქირურგები, რომლებმაც ზემოაღნიშნული საკითხის ირგვლივ იმსჯელეს. 

სიმპოზიუმი გაიხსნა პრაქტიკოსი ნეიროქირურგის, არჩილ აგლაძის ლექციით, რომელიც რთულ პედიატრიულ ნეიროქირურგიულ შემთხვევებზე მუშაობს. ის ასევე აქტიურად მონაწილეობს ნეიროქირურგიულ კვლევასა და სამედიცინო განათლებაში. მისი გამოსვლა ფოკუსირებული იყო კრანიოსინოსტოზზე. მომხსენებელმა აუდიტორიას წარუდგინა დეტალური კლინიკური მიმოხილვა, რომელიც ამავდროულად გამყარებული იყო მისი ქირურგიული გამოცდილებიდან მიღებული შემთხვევებით.

სიმპოზიუმის მომხსენებლებს შორის ასევე იყო საქართველოში ყველაზე ახალგაზრდა სერტიფიცირებული ქალი ნეიროქირურგი, საერთაშორისო განათლების აქტიური მხარდამჭერი და ტრენერი, Izmir Online Neurosurgery-ის საერთაშორისო მოდერატორი, ექიმი მადონა ახობაძე. მან წარადგინა ლექცია სახელწოდებით „როდესაც ყოველი წამი მნიშვნელოვანია: ნეიროქირურგიული შეხედულებები პედიატრიულ თავის ტრავმაზე“. მომხსენებელმა გააზიარა რეალური შემთხვევები და ხაზი გაუსვა პედიატრიული თავის ტრავმების მკურნალობის აქტუალურობასა და სირთულეებს. მან პრეზენტაციის მსვლელობისას აუდიტორია ჩართო ინტერაქციულ ვიქტორინაშიც. 

სიმპოზიუმის ფარგლებში ასევე გაიმართა პანელური დისკუსია, რომელშიც მონაწილეობდნენ არჩილ აგლაძე, მადონა ახობაძე და ივანე ბოკერიას სახელობის უნივერსიტეტის საავადმყოფოს ნეიროქირურგიის ხელმძღვანელი და ხერხემლის ტრავმისა და ნეიროვასკულური ქირურგიის ექსპერტი, ექიმი თორნიკე კლდიაშვილი. 

სიმპოზიუმი დასრულდა ხუთი ინტერაქციული სემინარით, რამაც მონაწილეებს საშუალება მისცა, პრაქტიკული სიმულაციების საშუალებით შეესწავლათ ნევროლოგიური რეაბილიტაციის სხვადასხვა ასპექტი. სემინარის თემები მოიცავდა: მოძრაობის შეფასება - BBS დემო და ქულების სიმულაცია, მხედველობის დაქვეითება, ზედა კიდურების რეაბილიტაციის ტექნიკა, ნეირო ჯენგა - კოგნიტიურ-მოტორული თამაში და სიარულისა და პოზის ვიდეო ანალიზი + პრაქტიკული შეფასება. 

სიმპოზიუმი ორგანიზებული იყო თსა-ს Dandy კლუბის მიერ, Dandy კსუ-სა (კავკასიის საერთაშორისო უნივერისტეტი) და Dandy თსსუ-სთან (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი) თანამშრომლობით.