თსა-ს "სტუდენტები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის"

თსა-ს "სტუდენტები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის"

🗓️ 2025-08-18

"სტუდენტები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის" – თსა-ს სტუდენტების ინიციატივით, ჰიპერტენზიის სკრინინგის მორიგი კამპანია ოზურგეთის რაიონის სოფელ შრომაში ჩატარდა. ორი დღის განმავლობაში, ადგილობრივ მოსახლეობას უსასყიდლოდ გაეწია კარდიოლოგიური კონსულტაცია და ჩაუტარდათ ელექტროკარდიოგრაფია. ჯამში, მომსახურება გაეწია 60-მდე პაციენტს. 

აკადემიის სტუდენტებთან ერთად, პაციენტები მიიღეს თსა-ს ასოცირებულმა პროფესორმა, ექიმმა შორენა ჭუმბურიძემ და თსა-ს მოწვეულმა ლექტორმა, ექიმმა ნინო ჭაღიაშვილმა. სკრინინგის პროცესში, ერთ-ერთი პაციენტის ელექტროკარდიოგრამამ აჩვენა მწვავე მიოკარდიული ინფარქტის ნიშნები. პაციენტი დაუყოვნებლივ გადაიყვანეს ოზურგეთში ტროპონინის ანალიზისთვის, რის შემდეგაც მოხდა მისი თბილისში ტრანსპორტირება. ჩატარებულმა კორონოგრაფიამ დაადასტურა გულის სამივე სისხლძარღვის შევიწროება (სტენოზი), რაც საჭიროებს ქირურგიულ შუნტირებას. აღნიშნული შემთხვევის მართვის პროცესში, განსაკუთრებული პროფესიონალიზმი და ყურადღება გამოიჩინა ექიმმა შორენა ჭუმბურიძემ.

სკრინინგის კამპანიაში მონაწილეობდა თსა-ს 6 სტუდენტი: ელენე გუბელაძე, ნანა ყაჭიური, ელენე ლილუაშვილი, საბა ზაქრაძე, ელენე სიორიძე და მარიამ ჯორბენაძე. სტუდენტებისა და თსა-ს აკადემიური პერსონალის ჩართულობით პროექტის "სტუდენტები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის" ფარგლებში ჰიპერტენზიის სკრინინგი ასევე ჩატარდა გურჯაანის მინიციპალიტეტში (კახეთი). პროექტის მიზანია საზოგადოებაში არტერიული ჰიპერტენზიის შესახებ ცნობიერების ამაღლება და სამედიცინო განათლების ხელმისაწვდომობა, რათა შემცირდეს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკები და სიცოცხლისთვის საშიში შემთხვევები.