თსა-ს წარმომადგენლები EAIE-ის კონფერენციაზე

თსა-ს წარმომადგენლები EAIE-ის კონფერენციაზე

🗓️ 2025-09-18

თსა-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, ნატალია კოჭლაშვილმა და თეკლა რატიანმა, საერთაშორისო განათლების ევროპული ასოციაციის (EAIE) ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა. რიგით 35-ე კონფერენციას წელს გოტებორგმა (შვედეთი) უმასპინძლა.

თსა-ს დეგელატები აქტიურად იყვნენ ჩაერთული მრავალმხრივ შეხვედრებში წამყვანი უნივერსიტეტებისა და საგანმანათლებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომელთა მიზანიც იყო აკადემიის საერთაშორისო პარტნიორობების ქსელის გაფართოება და ახალი შესაძლებლობების ძიება როგორც აკადემიური გაცვლების, ასევე ერთობლივი კვლევითი/სასწავლო პროგრამების განვითარების მხრივ.

ვიზიტის ფარგლებში თსა-ს წარმომადგენლები ასევე ეწვივნენ შვედეთის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტს - სკოვდეს უნივერსიტეტს (University of Skövde). მათ დაათვალიერეს კამპუსი, ადგილზე გაეცნენ უნივერსიტეტის აკადემიურ გარემოსა და კვლევით პრიორიტეტებს, განსაკუთრებით მედიცინისა და საექთნო საქმის მიმართულებით. 

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, თსა-ს წარმომადგენლები დაესწრნენ პანელურ დისკუსიას ჯანდაცვის განათლების ინოვაციებზე და გაეცნენ თანამედროვე ტენდენციებს, რომლებიც გავლენას ახდენს სამედიცინო და საექთნო სწავლებაზე. 

ვიზიტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო სიმულაციური ცენტრის მონახულება და უახლესი საგანმანათლელო ტექნოლოგიების გაცნობა. მათ შორის იყო სენსორებით აღჭურვილი ჭკვიანი სახლი პაციენტის მდგომარეობის მონიტორინგისთვის და ინტერაქციული პროტოტიპები, რომლებიც ასახავს ასაკთან დაკავშირებულ ცვლილებებსა და სხვადასხვა დაავადებას — რაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს რეალისტური სასწავლო გარემოს შექმნაში და მედიცინის სფეროს პროფესიონალთა უკეთ მომზადებაში.

თსა-ს საერთაშორისო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტმა კიდევ უფრო გააძლიერა თანამშრომლობა სკანდინავიურ წამყვან უნივერსიტეტებთან. ვიზიტის ფარგლებში მიღებული გამოცდილება კი ხელს შეუწყობს თსა-ს, შეიმუშაოს ახალი აკადემიური პროგრამები და დანერგოს ინოვაციური სასწავლო მეთოდები. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი კვლავაც აქტიურად განაგრძობს მუშაობას, რომ თსა საერთაშორისო აკადემიური საზოგადოების აქტიურ წევრად დარჩეს.