თსა EUA-ს თემატური სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობს

თსა EUA-ს თემატური სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობს

🗓️ 2025-10-20

2025 წლის გაზაფხულიდან თბილისის სამედიცინო აკადემიის (თსა) ფაკულტეტის განვითარების დეპარტამენტი მონაწილეობს ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) თემატური სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში, რომელიც ორიენტირებულია პერსონალის განვითარების ხელშეწყობასა და ტრანსნაციონალური თანამშრომლობის გაძლიერებაზე.

აღნიშნული ჯგუფი აერთიანებს ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების წარმომადგენლებს საფრანგეთიდან, შვედეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ავსტრიიდან, კოსოვოდან და სხვა ქვეყნებიდან. თსა ჯგუფში წარმატებული აპლიკაციის საფუძველზე მოხვდა და აქტიურად მონაწილეობს სამუშაო პროცესში, რომელიც მიზნად ისახავს პერსონალის განვითარების საუკეთესო მოდელებისა და ინსტიტუციური პრაქტიკების გაზიარებას.

თემატური სამუშაო ჯგუფის მეორე შეხვედრა, რომელიც გაიმართა ონლაინ ფორმატში 2025 წლის სექტემბერში, მიეძღვნა უნივერსიტეტებში პერსონალის განვითარების ინსტიტუციური გამოცდილებების განხილვასა და თანამშრომლობის გაძლიერებას. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლები, რომლებმაც წარმოადგინეს წარმატებული პრაქტიკები და მიდგომები აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის პროფესიული განვითარების სფეროში.

თსა-ს ფაკულტეტის განვითარების დეპარტამენტის სახელით, შეხვედრას ესწრებოდნენ დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი მაკა ზარნაძე და სამედიცინო განათლებისა და კვლევის სპეციალისტი დეა გოდერძიშვილი.

შეხვედრაზე, თსა-ს სახელით პრეზენტაცია წარადგინა დეგოდერძიშვილმა, რომელშიც ასახული იყო აკადემიის მიზნები, მიმდინარე ინიციატივები, საუკეთესო პრაქტიკები და არსებული გამოწვევები, მათ შორის, პერსონალის პროფესიული კომპეტენციების გაუმჯობესების პროცესში საჭიროებებზე დაფუძნებული მიდგომები.

ფაკულტეტის განვითარების დეპარტამენტმა ასევე გააზიარა სამომავლო გეგმები, რომელიც მიზნად ისახავს სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოებას. 

ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის თემატურ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა თსა-ს შესაძლებლობას აძლევს, მიიღოს გამოცდილება ევროპის უნივერსიტეტების პერსონალის განვითარების სფეროში, გააზიაროს საკუთარი პრაქტიკა და ჩაერთოს EUA-ს პოლიტიკის ფორმირებაში, რომელიც მიზნად ისახავს პერსონალის განვითარების გზით სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას — ბოლონიის პროცესის პრინციპების შესაბამისად.

თემატური ჯგუფის მუშაობის შედეგები წარდგენილი იქნება EUA-ს ყოველწლიურ ევროპულ ფორუმზე.