თსა-ს სტუდენტები საქართველოს ეროვნულ სკრინინგ ცენტრში

თსა-ს სტუდენტები საქართველოს ეროვნულ სკრინინგ ცენტრში

🗓️ 2025-10-21

რატომ არის მნიშვნელოვანი ადრეული დიაგნოსტიკა და როგორ უწყობს სკრინინგი ხელს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას - ამ თემებზე სასაუბროდ თსა-ს სტუდენტები საქართველოს ეროვნულ სკრინინგ ცენტრს სტუმრობდნენ. 

სტუდენტებს მასპინძლობა სკრინინგ ცენტრის დირექტორმა ეთერ კუღურაძემ გაუწია, რომელიც ამავდროულად თბილისის სამედიცინო აკადემიის კურსდამთავრებულია. მან სტუდენტებს არა მხოლოდ ცენტრის მუშაობის სპეციფიკა გააცნო, არამედ საკუთარი პროფესიული გამოცდილებაც გაუზიარა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პრევენციის მნიშვნელობას და დროული დიაგნოსტიკის აუცილებლობას. 

“ჩემთვის დიდი პატივია, თბილისის სამედიცინო აკადემიის სტუდენტების მასპინძლობა, რადგან მეც ამ უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ვარ. ჩვენ სტუდენტებს მივეცით საშუალება ადგილზე ენახათ ის პროცედურები და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რომელიც სკრინინგ ცენტრს გააჩნია და იყენებს სკრინინგული სერვისების მისაწოდებლად. ასევე, სტუდენტებს გავაცანით პრევენციული სერვისები, რომელსაც ცენტრი მოქალაქეებს სთავაზობს. მნიშნელოვანია, რომ მათ გაავრცელონ ინფორმაცია, მიიტანონ თითოეულ ადამიანამდე, რომ სკრინინგი არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი ჯანმრთელობისთვის და ხარისხიანი ცხოვრებისთვის” - აღნიშნა ეთერ კიღურაძემ.

გარდა ამისა, ცენტრის დირექტორმა სტუდენტებს გააცნო საქართველოში ამჟამად მოქმედი სკრინინგ პროგრამები, ესაუბრა არსებულ გამოწვევებზე და სამომავლო გეგმებზე.

“დღევანდელი ვიზიტი ეროვნულ სკრინინგ ცენტრში ძალიან საინტერესო და სასარგებლო გამოცდილება იყო. ცენტრის დირექტორმა გვაჩვენა აპარატურა, აგვიხსნა, როგორ ტარდება პროცედურები და უპასუხა ჩვენს ყველა შეკითხვას ამომწურავად. ვიზიტმა უკეთ დამანახა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მედიცინაში ადრეული დიაგნოსტიკა და პაციენტზე ზრუნვა” - აღნიშნა ეკატერინე ხერდინაშვილმა, რომელიც თსა-ს პირველი კურსის სტუდენტია.

შეხვედრა საინფორმაციო კამპანიის “ვარდისფერი ოქტომბრის” ფარგლებში გაიმართა. კამპანიის მიზანია ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლება, ამავდროულად, სკრინინგის პროგრამის შესახებ მოსახლეობის ინფორმირება.