თსა-ს სტუდენტების ფილმის ჩვენება

თსა-ს სტუდენტების ფილმის ჩვენება

🗓️ 2025-10-30

 ფილმი გამოქვეყნებულია თსა-ს ოფიციალურ YouTube არხზე  > ფილმი

“საფრთხის ჩურჩული: დეციბელის ეფექტის შესწავლა გულისცემაზე” – საგანმანათლებლო ფილმის პრემიერას თსა-ს საგამოფენო სივრცემ უმასპინძლა. ფილმის ავტორები თსა-ს სტუდენტები, თამარ დანდურიშვილი და რიშუ გირიშ შაჰი არიან.

სტუდენტების ნამუშევარი ერთ-ერთია იმ პროექტებს შორის, რომელმაც სოციალური და კულტურული სტუდენტური პროექტების კონკურსში გაიმარჯვა. “მედიცინისა და ხელოვნების შერწყმით, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ნათელი მოგვეფინა უხილავი საფრთხისთვის - თუ რა ფარული კავშირია ხმაურის დაბინძურებასა და გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობას შორის” - აღნიშნეს პროექტის ავტორებმა.

მოკლემეტრაჟიანი საგანმანათლებლო ფილმი იკვლევს ხმოვან დაბინძურებასა და გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობას შორის კავშირს. იგი აერთიანებს რეალურ ისტორიებს, ექსპერტთა შეფასებებსა და კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, თუ რამხელა გავლენის მოხდენა შეუძლია ჩვენს გარშემო არსებულ ხმებს ჩვენს კეთილდღეობაზე.

სტუდენტების მიზანი იყო ფილმის საშუალებით საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება, რათა თითოეულმა მათგანმა გადადგას ქმედითი ნაბიჯები მდგრადი და ჯანსაღი ქალაქის შესაქმნელად. ამასთან, პროექტი მხარს უჭერს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს და სრულ შესაბამისობაშია თსა-ს მისიასთან და ღირებულებებთან.

თუმცა, ფილმის პრემიერამდე იყო საკმაოდ გრძელი გზა. მოსამზადებელი ეტაპი, რომელიც სტუდენტებმა სამ ძირითად ფაზად განახორციელეს. პირველი ეტაპი გულისხმობდა პარტნიორების მოძიებას და პროექტის განსახორციელებელი ყველა საჭირო რესურსის მობილიზებას. პროცესში სტუდენტებმა ითანამშრომლეს დარგის სპეციალისტებთან, ასევე ნამუშევარი გაუზიარეს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებს (GRUNI). სტუდენტების პროექტის რეზიუმე GRUNI-ის ჟურნალშიც გამოქვეყნდა.

მეორე ეტაპი ფოკუსირებული იყო ვიდეოს გადაღებასა და მონტაჟზე, რომელიც აერთიანებდა როგორც პირად გამოცდილებას, ასევე კარდიოლოგის, ფსიქოლოგის, გარემოსდაცვითი სპეციალისტებისა და ექსპერტების მოსაზრებებს. 

ხოლო, პროექტის დასკვნითი ეტაპი კი, გულისხმობდა პროექტის ფარგლებში გადაღებული ფილმის ჩვენებასა და გავრცელებას. 

პრემიერას თსა-ს სტუდენტები, ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი ესწრებოდა. ფილმის ჩვენების შემდგომ გაიმართა დისკუსია. დამსწრეებმა ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი მოსაზრებები ხმაურის დაბინძურებას თაობაზე, ასევე, რა გავლენას ახდენს იგი მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე. მნიშვნელოვანი იყო დარგის სპეციალისტების მოსაზრებების მოსმენაც, თუ რამდენად არის გაზრდილი ხმის სიხშირე მე-20 საუკუნის შემდგომ. ამან კი კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი პროექტის აქტუალობას. 

ღონისძიების დასასრულს, პროექტის ავტორებმა ფილმის მონაწილეებს საჩუქრად ხმაურის დამთრგუნველი ყურსასმენები გადასცეს, როგორც სიმბოლური ნაბიჯი პრევენციისკენ, რათა წახალისებულიყო ხმაურის შემცირება ინდივიდუალურ დონეზე.

“ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ წარმატებით შევუწყობთ ხელს ინტერდისციპლინურ სწავლებას და შთავაგონებთ ადამიანებს, დაიცვან საკუთარი ჯანმრთელობა, გარემო და ის მშვიდი სივრცეები, რომლებსაც ხშირად თავისთავად მიღებულად მივიჩნევთ. არსებითად, ეს პროექტი უბრალოდ ფილმზე მეტია - ეს მოქმედებისკენ მოწოდებაა” - აღნიშნეს ფილმის ავტორებმა.

პროექტი სრულად დაფინანსდა თბილისის სამედიცინო აკადემიის მიერ სოციალური და კულტურული სტუდენტური პროექტების კონკურსში.