მეხსიერების მეცნიერება და ალცჰაიმერის დაავადება

მეხსიერების მეცნიერება და ალცჰაიმერის დაავადება

🗓️ 2025-11-03

თსა-ს ალცჰაიმერის კლუბის ორგანიზებით, აკადემიაში მორიგი შეხვედრა გაიმართა. "მეხსიერების მეცნიერება და ალცჰაიმერის დაავადება" - ამ თემაზე სასაუბროდ აკადემიამ საქართველოს ალცჰაიმერის ასოციაციის მდივანს, ახალგაზრდული დეპარტამენტის ხელმძღვანელს ანა კიკნაძეს უმასპინძლა. 

მომხსენებელმა აღნიშნა, რომ ალცჰაიმერის დაავადება წარმოადგენს თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთ უდიდეს გამოწვევას. დაავადებას, რომელიც გვამოწმებს როგორც სამეცნიერო პროგრესის, ისე თანაგრძნობისა და ადამიანობის თვალსაზრისით. მეხსიერების მექანიზმების შესწავლა გვაძლევს საშუალებას გავიგოთ ადამიანის იდენტობის ბუნება. ამასთან, მეხსიერებისა და მისი დარღვევების განხილვა მხოლოდ სამეცნიერო საკითხი არ არის, ეს სოციალური და მორალური აუცილებლობაა. 

“ახალგაზრდა მედიკოსების ჩართულობა ამ თემებში გადამწყვეტია, რადგან სწორედ ისინი იქნებიან ის ადამიანები, ვინც მომავალში კვლევებს, დიაგნოსტიკასა და პაციენტთა მოვლას უხელმძღვანელებენ. მსგავსი ლექციებით ჩვენ ვცდილობთ გავაღვივოთ მათში ინტერესი, პასუხისმგებლობა და ემპათია. დავანახოთ, რომ დაავადების მიღმა ყოველთვის დგას ადამიანი, რომლის ღირსება და ემოციური მდგომარეობა არანაკლებ მნიშვნელოვანია სამედიცინო შედეგებზე” - აღნიშნა ანა კიკნაძემ. 

თბილისის სამედიცინო აკადემია მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს ალცჰაიმერის ასოციაციასთან და მუდმივად ცდილობს, სამეცნიერო ცოდნა გაავრცელოს სტუდენტებს შორის არამხოლოდ აკადემიური განვითარების მიზნით, არამედ იმისთვის, რომ ჯანდაცვის სფეროში ჩამოყალიბდეს თანაგრძნობისა და ინფორმირებულობის კულტურა. ორივე ინსტიტუციის მიზანია, შექმნას ისეთი სამედიცინო საზოგადოება, რომელიც აფასებს განათლებას, დიალოგს და პაციენტზე ორიენტირებულ მიდგომებს ნეიროდეგენერაციული დაავადებების მართვისას. 

შეხვედრის ფარგლებში, სტუდენტური კლუბის წევრებმა დამსწრე აუდიტორიას ასევე გააცნეს კლუბის განვლილი გზა და სამომავლო აქტივობები.