სტუდენტური პროექტების პრეზენტაცია

სტუდენტური პროექტების პრეზენტაცია

🗓️ 2025-11-17

თბილისის სამედიცინო აკადემიაში სოციალური და კულტურული საგრანტო პროექტების შედეგების დისემინაცია გაიმართა, სადაც გასული წლის გამარჯვებული პროექტების ავტორებმა  საკუთარი ინიციატივების შედეგები და ძირითადი მიღწევები წარმოადგინეს. ღონისძიების მიზანი იყო განხორციელებული აქტივობების პოპულარიზაცია, გამოცდილების გაზიარება და სტუდენტური ინიციატივების მნიშვნელობის ხაზგასმა.

გასულ წელს საკონკურსო კომისიამ ხუთი გამარჯვებული პროექტი გამოავლინა:

1) “პლანეტარული ჯანმრთელობა და ნარჩენების მართვა”

ავტორები: ავთანდილ სამადალაშვილი, მედეა კუსიანი

პროექტმა სამი თვის განმავლობაში გააერთიანა მრავალფეროვანი აქტივობები: შვიდი საინფორმაციო-საგანმანათლებლო ტრენინგი და ერთი მასშტაბური დასუფთავების აქცია. სტუდენტებმა ითანამშრომლეს სამ არასამთავრობო ორგანიზაციასთან და ორ სოციალურ საწარმოსთან, ესენია: „ტენე“, „სადაგი“, CENN, Plastic Watcher და „ჩემი ქალაქი მკლავს“.

დასკვნით კონფერენციაზე, პროექტის 14-მა მონაწილემ წარადგინა პრეზენტაციები მათთვის საინტერესო გარემოსდაცვით თემებზე. მომხსენებლებს შორის იყვნენ როგორც თსა-ს სტუდენტები, ასევე სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები.

პროექტის შედეგად, სტუდენტებმა უზრუნველყვეს 30 მოსწავლის გადამზადება. თსა-ს სივრცეში, ორგანიზაცია „ტენე“-სთან თანამშრომლობით, განათავსეს სპეციალური ყუთები პლასტმასის ბოთლების შესაგროვებლად, რომელთა გადატანასა და გადამუშავებასაც იგივე ორგანიზაცია უზრუნველყოფს.

]

2) “საფრთხის ჩურჩული: დეციბელის ეფექტის შესწავლა გულისცემაზე”

ავტორები: რიშუ გირიშ შაჰი, თამარ დანდურიშვილი

პროექტის ავტორებმა გადაიღეს მოკლემეტრაჟიანი საგანმანათლებლო ფილმი, რომელიც იკვლევს ხმოვანი დაბინძურების გავლენას გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობაზე. ფილმი აერთიანებს რეალურ ისტორიებს, ექსპერტთა შეფასებებს და წარმოაჩენს ხმაურის პირდაპირ თუ ირიბ გავლენას ადამიანის კეთილდღეობაზე.

პროექტის მიზანი იყო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ქალაქის ჯანმრთელობისთვის საჭირო ქმედითი ნაბიჯების სტიმულირება. ინიციატივა სრულ თანხვედრაშია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან, თსა-ს მისიასა და ღირებულებებთან.

3) “Special Needs Support”

ავტორები: თათა ტატალაშვილი, ელენე საჯაია, სესილი ლაზარია, ანა ჩიქოვანი

ინიციატივის მიზანი იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა და ისეთი გარემოს შექმნა, სადაც თითოეულ ადამიანს ექნება შესაძლებლობა საკუთარი პოტენციალის გამოვლენისთვის.

სტუდენტებმა გაავრცელეს ინფორმაცია იმ გამოწვევებზე, რომლებიც სპეციფიკური საჭიროებების მქონე პირებსა და მათ ოჯახებს საქართველოში აწუხებთ.

ექვსი თვის განმავლობაში განხორციელდა რვა აქტივობა — სალექციო სესიები, ინტერაქციული შეხვედრები და არტ-თერაპიები.

პროექტის ფარგლებში ითანამშრომლეს ორ არასამთავრობო ორგანიზაციასთან და აუტიზმის ცენტრთან.

ინიციატივაში ჩაერთო 120-ზე მეტი სტუდენტი და 50-ზე მეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი.

პროექტის სლოგანია: „ინკლუზიურობა ცნობიერების ამაღლებით იწყება — და ცნობიერება ჩვენგან, მომავალი ექიმებიდან იწყება.“

4) “სტუდენტები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის”

ავტორები: მარიამ ჯორბენაძე, ნანა ყაჭიური, მარიამ ქევხიშვილი, საბა ჩიქობავა, ელენე ლილუაშვილი, ელენე გუბელაძე

პროექტის მიზანი იყო გურჯაანის რეგიონში არტერიული ჰიპერტენზიის შესახებ ცნობიერების ამაღლება და პირველადი გადაუდებელი დახმარების უნარების პოპულარიზაცია. განხორციელდა საინფორმაციო და პრაქტიკული აქტივობები — ჰიპერტენზიის სკრინინგი და გადაუდებელი დახმარების ვორქშოპი.

კახეთის რეგიონში, პროექტის ავტორმა სტუდენტებმა გამოიკვლიეს 35 პაციენტი (25 ქალი, 10 კაცი).

ინიციატივის ფარგლებში, სტუდენტებმა მოიცვეს გურიის რეგიონიც. კერძოდ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში ჩატარდა ჰიპერტენზიის სკრინინგის კამპანია, სადაც ორი დღის განმავლობაში 57 პაციენტს (26 ქალი, 31 კაცი) გაეწია კარდიოლოგიური კონსულტაცია და ჩაუტარდა ელექტროკარდიოგრაფია.

მოქალაქეებს ემსახურებოდნენ თსა-ს სტუდენტები, ასოცირებული პროფესორი შორენა ჭუმბურიძე და მოწვეული ლექტორი ნინო ჭაღიაშვილი.

5) “VitalCare”

ავტორები: ნინო ჩხუტიშვილი, ლევან ბახტაძე, მარიამ ბერძენიშვილი, ლია თევდორაძე, თამარ ქობულაშვილი

პროექტი “VitalCare” მიზნად ისახავდა მოზარდებში საბაზისო სამედიცინო ცოდნის გავრცელებას და გადაუდებელ შემთხვევებში სწორი რეაგირების უნარების განვითარებას. სამი თვის განმავლობაში სტუდენტებმა მოიცვეს ექვსი ქალაქი: თბილისი, რუსთავი, გორი, ახალციხე, ბაკურიანი და სამტრედია. თითოეული ვიზიტი მოიცავდა პრაქტიკულ ვორქშოპებს და აქტიურ ინტერაქციას სკოლის მოსწავლეებთან.

ჯამში, პროექტში ჩართულმა სტუდენტებმა 153 უფროსკლასელი (IX–XII კლასები) გადაამზადეს.

პროექტის სლოგანი: „ცოდნა გადაარჩენს სიცოცხლეს.“

სტუდენტების პრეზენტაციების დასრულების შემდგომ, გაიმართა დისკუსია. საუბარი შეეხო თსა-ს მიერ განხორციელებულ სხვა სოციალურ პროექტებს. მათ შორის, იმ სტუდნეტურ ინიციატივებს, რომლებმაც წელს გაიმარჯვა სოციალური და კულტურილი საგრანტო პროექტის ფარგლებში და რომელთა განხორციელებაც მომდევნო წლიდან დაიწყება. 

აღსანიშნავია, რომ თსა-ს მისია და დაგეგმილი პროექტები სრულ თანხვედრაშია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან.