სტუდენტთა მოხალისეობრივი შესაძლებლობები

სტუდენტთა მოხალისეობრივი შესაძლებლობები

🗓️ 2025-12-04

თბილისის სამედიცინო აკადემიამ საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციისა და სოციალური საწარმოს „ბაბალეს“ წარმომადგენლებს უმასპინძლა. შეხვედრის მიზანი იყო სტუდენტებისთვის ინკლუზიურ გარემოში რეალური პრაქტიკული გამოცდილების ხელშეწყობა, მოხალისეობის შესაძლებლობების გაცნობა და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავება. 

ღონისძიებას უძღვებოდა ინსტიტუციური კულტურის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაკა მაღლაკელიძე. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ დაუნის სინდრომის ასოციაციის განათლებისა და განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი ქეთი არჯევანიძე, „ბაბალეს“ პროფორიენტაციისა და დასაქმების პროგრამის ექსპერტი ნინო სიხარულიძე, გიგოს ფონდის დამფუძნებელი გიგო შიუკაშვილი და თვითადვოკატი მარიამ ბერიკელაშვილი.

შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს მოკლე და გრძელვადიანი მოხალისეობის პროგრამები, ასევე აკადემიისა და ასოციაციის ერთობლივი გეგმები, რომლებიც სტუდენტებს პროფესიული ზრდის ახალ შესაძლებლობებს აძლევს.

დაუნის სინდრომის ასოციაციის გამოცდილებით, სტუდენტებისთვის მოხალისეობრივი საქმიანობა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრაქტიკულ და ადამიანურ გამოცდილებას წარმოადგენს.

„ბაბალეში ყოფნისას აშკარად ჩანს, როგორ იქმნება თანასწორობა ყოველდღიურ ურთიერთობებში, როგორ მუშაობს მხარდაჭერა და რა გავლენას ახდენს პროფესიონალის დამოკიდებულება იმ ახალგაზრდებზე, რომლებიც საკუთარი შესაძლებლობების გაღრმავებას ცდილობენ“, — აღნიშნა ქეთი არჯევანიძემ.

მისივე თქმით, ინკლუზიურ გარემოში უშუალო ურთიერთობა სტუდენტებს აძლევს უნარს დაინახონ ადამიანი დიაგნოზის მიღმა და გააღრმავონ კომუნიკაციის, ემპათიისა და დაკვირვების უნარები.

„სტუდენტებისთვის ეს გამოცდილება არის პიროვნული და პროფესიული ზრდის ერთ-ერთი ყველაზე დიდი წყარო. ისინი სწავლობენ რეალური საჭიროებების სწორად შეფასებას და იღრმავებენ უნარებს, რომლებიც ნებისმიერ სამედიცინო სპეციალობაში აუცილებელია. ამ პროცესში ისინი არა მხოლოდ სხვებს ეხმარებიან, არამედ თვითონაც ხდებიან უფრო პასუხისმგებლიანი, მგრძნობიარე და პროფესიულად შემდგარი ადამიანები“ — აღნიშნა დაუნის სინდრომის ასოციაციის განათლებისა და განვითარების მიმართულების ხელმძღვანელმა.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამედიცინო პერსონალის ემპათიის მნიშვნელობას. მშობლების გამოცდილებებმა აჩვენა, რომ ინფორმაციის არასწორმა მიწოდებამ ან არაკომპეტენტურმა კომუნიკაციამ შეიძლება მძიმე ზეგავლენა მოახდინოს როგორც პაციენტზე, ასევე, მათ ოჯახზე.

„ჩემთვის მშობლობას და ექიმობას თითქმის ერთნაირი პასუხისმგებლობა აქვს. ხშირად, როცა მიდიხარ ექიმთან, გეუბნებიან, რომ შვილი არ წაიყვანო, რომ ვერ გიცნობს, ვერ ილაპარაკებს… ბევრს საერთოდ არ აქვს სწორი ინფორმაცია. ყოფილა შემთხვევა, როცა დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი კლინიკაში არასათანადო მიდგომის გამო დაზიანებულიც კი აღმოჩნდა. ამიტომ ექიმი პირველივე კურსიდან უნდა ემზადებოდეს სწორი კომუნიკაციისთვის და უნდა იცოდეს, როგორ მიიღოს პაციენტი მშვიდად, დეტალური ახსნით და სრული პასუხისმგებლობით” - აღნიშნა „ბაბალეს“ პროფორიენტაციისა და დასაქმების პროგრამის ექსპერტმა ნინო სიხარულიძემ.

მისივე თქმით, „ბაბალეში“ სტუდენტებთან შეხვედრა ამ პროცესს მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. „იმიტომ მომწონს, რომ მოდიან ბაბალეში — აქვთ პირდაპირი შეხება, მეტი ცოდნა უჩნდებათ, სურთ საკითხების დამოუკიდებლად შესწავლა. ეს ნიშნავს, რომ მომავალში ექიმებს აღარ ექნებათ დამოკიდებულება, თითქოს და მაინც არაფერს ეშველება. ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს სწორი მიდგომით. ამიტომ ვფიქრობ, ჩვენი შეხვედრები ძალიან კარგი ნაბიჯია. სტუდენტები კმაყოფილები არიან ჩვენთან ვიზიტით და ჩვენი მოზარდების გაცნობით. როცა ნდობა იქმნება, ყველაფერი იცვლება — სწორედ ასეთი შედეგი გვინდა ექიმებთანაც“ — აღნიშნა  ნინო სიხარულიძემ.

შეხვედრა დასრულდა დისკუსიით. მნიშვნელოვანია ის, რომ თსა მომავალშიც გააგრძელებს ინკლუზიური განათლების ხელშეწყობას, მოზარდებისთვის და სტუდენტებისთვის ერთობლივი აქტივობების დანერგვით, რაც ხელს უწყობს პროფესიული კომპეტენციების, სოციალური პასუხისმგებლობისა და ემპათიის გაძლიერებას.