ფქოდ-ის დღე თსა-ში

ფქოდ-ის დღე თსა-ში

🗓️ 2025-12-05

ნოემბერში ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების (ფქოდ) შესახებ ცნობიერების ამაღლების დღე აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით, თსა-ს სტუდენტების ორგანიზებით, აკადემიაში ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება მოიცავდა ინტერაქტიულ სესიას და საგანმანათლებლო აქტივობებს, რომლის მიზანიც იყო გაეზარდა ცნობიერება როგორც სიგარეტში არსებული ტოქსინების შესახებ, ასევე ხაზი გაესვა სიგარეტის გავლენას ფილტვის ფუნქციაზე.

ინტერაქტიულ სესიას უძღვებოდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) რეგიონული ოფისის კონსულტანტი ქრონიკული რესპირატორული დაავადებების მიმართულებით და დამოუკიდებელი კონსულტანტი თამბაქოს კონტროლის სფეროში, ნინო მაღლაკელიძე. მომხსენებელმა აუდიტორიას გააცნო ევროპის რეგიონსა და საქართველოში ახალგაზრდებში თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული კვლევა. ყურადღება გაამახვილა სტატისტიკურ მონაცემებზე, მოსახლეობის ქცევით ტენდენციებზე და იმ ფაქტორებზე, რომლებიც ხელს უწყობს მოწევის დაწყებას ახალგაზრდა ასაკში.

სესია იყო არა მხოლოდ ინფორმაციული, არამედ პრაქტიკულიც. სტუდენტებმა მიიღეს კონკრეტული რეკომენდაციები, თუ როგორ შეუძლიათ ახალგაზრდებს, სასწავლო დაწესებულებებსა და საზოგადოებრივ სივრცეებში ხელი შეუწყონ ჯანსაღი გარემოს შექმნას.

ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო თსა-ს მე-3 კურსის სტუდენტი ეკატერინა ლუნინა, რომელიც ამავდროულად ანტითამბაქო აქტივისტია. ამასთან, იგი რეგისტრირებული მედდაა ავსტრალიაში. მისი თქმით, ავსტრალიაში საკმაოდ სუფთა, თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი ჰაერია. ეს კი განპირობებულია იმით, რომ მკაცრია კანონმდებლობა და სანქციები ამ მიმართულებით. „ბოლო დროს თამბაქოს კვამლის გარემოში ხშირი ყოფნის შედეგად, დამჭირდა ასთმის მედიკამენტების გამოყენება. მიუხედავად იმისა, რომ 15 წელზე მეტია არ გამომიყენებია და კარგად ვგრძნობდი თავს მათ გარეშე. ამას გარდა, ძალიან მაწუხებს ამდენი ადამიანის, მათ შორის ბავშვების ყურება, რომლებიც იძულებით ხდებიან პასიური მწეველები. განსაკუთრებით მას მერე, რაც საავადმყოფოში მუშაობის პერიოდში ვიზრუნე არაერთ პაციენტზე, რომლებიც იტანჯებოდნენ ფქოდ-ითა და თამბაქოსგან გამოწვეული სხვა დაავადებებით. სამწუხაროდ, ბევრი მათგანი ხანგრძლივი და მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. სწორედ ეს გახდა ჩემთვის ინსპირაცია, უფრო აქტიურად გავუწიო ადვოკატირება ამ საკითხს“ — აღნიშნა ეკატერინა ლუნინამ.