გერმანელი სტუდენტების ვიზიტი თსა-ში

გერმანელი სტუდენტების ვიზიტი თსა-ში

🗓️ 2025-12-17

თბილისის სამედიცინო აკადემიამ ბერლინის აკონის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის სტუდენტებს სილვია ზანეტსა და მანიჟა ჰაკიმოვას უმასპინძლა. სტუდენტები საქართველოში ჩამოვიდნენ კვლევის ჩასატარებლად, რომლის მიზანია თბილისის მოსახლეობაში ჰაერის დაბინძურებისა და მისი ჯანმრთელობაზე ზემოქმედების შესახებ ცოდნის, ჯანმრთელობის რისკის აღქმისა და პრაქტიკის შეფასება. ექვსთვიანი კვლევა ხორციელდება თსა-ს სტუდენტების ნანუკა ყაჭიურისა და მარიამ ქევხიშვილის თანამონაწილეობით.

კვლევის პარალელურად, გერმანელმა სტუდენტებმა ჩაატარეს სემინარი თანატოლებისთვის - „უხილავი დამაბინძურებლები, ხილული ზემოქმედება“. სემინარზე განხილული იყო, თუ როგორ მოქმედებს ჰაერის დაბინძურება, ნაწილაკები და ნანონაწილაკები ადამიანისა და გარემოს ჯანმრთელობაზე. „ერთიანი ჯანმრთელობის“ მიდგომის გამოყენებით, ჩვენ ვაჩვენეთ, თუ როგორ მოძრაობენ დამაბინძურებლები ეკოსისტემებში და რატომ არ შეიძლება დაბინძურებასთან დაკავშირებული დაავადებების განხილვა მხოლოდ ინდივიდუალური პაციენტის დონეზე და რატომ მოითხოვს გარემოსდაცვითი რისკები კოორდინირებულ პოლიტიკურ ქმედებებს” - აღნიშნა სილვია ზანეტმა.

ჰაერის დაბინძურება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა როგორც გლობალურ, ასევე, ადგილობრივ დონეზე. სტუდენტების მიერ განხორციელებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ჰაერის დაბინძურებისა და მისი ჯანმრთელობაზე ზემოქმედების შესახებ საერთო ცოდნა და ცნობიერება შედარებით დაბალია, ისევე როგორც დამცავი ქცევები (მაგ., ნიღბის ტარება, ჰაერის ხარისხის ინდექსის შემოწმება, მაღალი ჰაერის დაბინძურების ზონების თავიდან აცილება). მიუხედავად ამისა, რისკის აღქმა და ჰაერის დაბინძურების ჯანმრთელობაზე ზემოქმედების შესახებ შეშფოთება საზოგადოებაში საკმაოდ მაღალია. სემინარმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ჰაერის დაბინძურება არ არის მხოლოდ გარემოსდაცვითი საკითხი, არამედ სამედიცინო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის გამოწვევაა, რომლის გადაჭრისთვისაც მომავალი ექიმები მზად უნდა იყვნენ.

თსა-ში ვიზიტის ფარგლებში, ბერლინელმა სტუდენტებმა ჩაატარეს ვორქშოფი აკადემიის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვისაც. რას ნიშნავს თსა-სთვის, იყოს ეკომეგობრული უნივერსიტეტი? ამ კითხვაზე საპასუხოდ, თსა-ს სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლებმა გამართეს დისკუსია, რომლის მიზანი იყო ერთიანი ჯანმრთელობის, მდგრადობისა და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის მნიშვნელობის გააზრება სამედიცინო განათლების კონტექსტში. შეხვედრა დაეთმო დისკუსიას იმაზე, თუ რას ნიშნავს თსა-სთვის გარემოსდაცვის მიმართულებით იყოს პასუხისმგებლიანი სამედიცინო უნივერსიტეტი და როგორ შეიძლება ამ ხედვის პრაქტიკაში განხორციელება. შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს ჯანმრთელობასა და გარემოს შორის მჭიდრო კავშირზე. დისკუსიის შედეგად გამოიკვეთა სწავლების პროცესში ერთიანი ჯანმრთელობის ინტეგრირების, კვლევითი შესაძლებლობების გაფართოებისა და ეკოლოგიურად მდგრადი კამპუსის განვითარების მიმართულებები, რაც ასახავს თსა-ს მისწრაფებას ჩამოყალიბდეს ეკო-მეგობრულ უნივერსიტეტად, სადაც ჯანმრთელობა და გარემო ურთიერთდაკავშირებული ღირებულებებია.