Digi-CHange კონსორციუმის შეხვედრა

Digi-CHange კონსორციუმის შეხვედრა

🗓️ 2026-01-15

Erasmus+ პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული უმაღლესი განათლების შესაძლებლობების განვითარების პროექტის Digi-CHange – Digital Transformation and Curriculum Development for Healthcare Teams განხორციელება დაიწყო. პროექტი მიზნად ისახავს სასწავლო პროცესში ციფრული ჯანდაცვის, ხელოვნური ინტელექტის და ინტერდისციპლინური თანამშრომლობის ინტეგრაციით სამედიცინო და საექთნო განათლების მოდერნიზაციას. Digi-CHange-ის განხორციელება დაიწყო 2025 წლის ოქტომბერში. პროექტის გუნდი აერთიანებს ევროკავშირის წევრი (ირლანდია, იტალია, ლატვია) და პარტნიორი (საქართველო და უკრაინა) ქვეყნებიდან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და პარტნიორ ორგანიზაციებს.

პროექტის განხორციელების საწყის მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენდა Digi-CHange-ის კონსორციუმის პირველი საერთაშორისო შეხვედრა, რომელიც გაიმართა 2026 წლის 8–9 იანვარს. ღონისძიებას მასპინძლობდა რიგის ტექნიკური უნივერსიტეტი. შეხვედრაზე კონსორციუმის წევრი ორგანიზაციების გუნდებმა იმსჯელეს პროექტთან დაკავშირებულ საკითხებზე და ერთად შეიმუშავეს სამოქმედო გეგმა, რაც მიუთითებდა პროექტის მოსამზადებელი ეტაპიდან კოორდინირებულ მოქმედებებზე გადასვლას და ადასტურებდა კონსორციუმის ერთიან ხედვას პროექტით გათვალისწინებული საგანმანათლებლო რეფორმის მიმართ.

შეხვედრის განმავლობაში ჩამოყალიბდა მთავარი გზავნილი — ჯანდაცვის ციფრული ტრანსფორმაცია მხოლოდ ტექნოლოგიების ინტეგრაციას არ გულისხმობს. ის მიზნად ისახავს მომავალი ექიმებისა და ექთნების ციფრულ კლინიკურ გარემოში ერთობლივი მუშაობისთვის აუცილებელი პრაქტიკული და ანალიზის უნარების და კომპეტენციების განვითარების ხელშეწყობას. Digi-CHange პირდაპირ პასუხობს ამ საჭიროებას ციფრული ჯანდაცვის კომპეტენციების ინტეგრირებით განათლების ყველა დონეზე.

პროექტი გულისხმობს სამედიცინო და საექთნო სასწავლო პროგრამების მოდერნიზებას, რათა სასწავლო პროცესში ასახული იყოს რეალური კლინიკური პრაქტიკა, სადაც ციფრული ინსტრუმენტები, მონაცემები და ხელოვნური ინტელექტი უფრო მნიშვნელოვან როლს იძენს კლინიკური გადაწყვეტილებების მიღებაში. გუნდური მიდგომით Digi-CHange უზრუნველყოფს ექიმებისა და ექთნების მომზადებას ეფექტური თანამშრომლობისთვის, რომელიც ითვალისწინებს ეთიკური და პაციენტზე ორიენტირებული მოვლის პრინციპების დაცვას.

პროექტის ძირითადი აქტივობები მოიცავს ციფრული ელემენტების, ხელოვნური ინტელექტის და სიმულაციების ინტეგრაციას განათლებასა და ტრენინგებში, Digi-CHange ლაბორატორიების ჩამოყალიბებას და ციფრული ჯანდაცვის მიმართულებით კომპეტენციების შეფასების ინსტრუმენტების შექმნას. პარალელურად, პროექტის ფარგლებში განხორციელდება ცნობიერების ამაღლების კამპანია ციფრული ჯანდაცვის საკითხებზე.

საქართველოში და უკრაინაში უმაღლესი განათლების დაწესებულებების მხარდაჭერის გზით Digi-CHange ხელს უწყობს ჯანდაცვის სისტემების გაძლიერებას, პროფესიული კომპეტენციების განვითარებას და განათლების შესაბამისობას ევროპულ და გლობალურ ციფრული ჯანდაცვის პრიორიტეტებთან.

სამწლიანი პროექტი Digi-CHange ფინანსდება Erasmus+ პროგრამის „უმაღლესი განათლების შესაძლებლობების განვითარების“ კომპონენტის ფარგლებში. იგი უზრუნველყოფს მდგრად შედეგებს, რომლებსაც პროექტის დასრულების შემდეგაც ექნება გავლენა.