23 სექტემბერს ჟესტური ენის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით თბილისის სამედიცინო აკადემიამ ღონისძიებას უმასპინძლა.
სწორი კომუნიკაცია მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. თბილისის სამედიცინო აკადემია კი პირველი სამედიცინო უნივერსიტეტია საქართველოში, რომელამც აღიარა ჟესტური ენა და არჩევით საგნად შეიტანა კურიკულუმში. ამ გადაწყვეტილების მნიშვნელობასა და მიზნობრიობაზე აუდიტორიას თსა-ს ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი ცისანა ლომაშვილი ესაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა ჟესტური ენის როლზე ჯანდაცვის სფეროში, როგორც ეფექტური და თანასწორი კომუნიკაციის იარაღზე. “ჩვენი მისიის განუყოფელი ნაწილი არის თანაბარი შესაძლებლობების შექმნა. სწორედ ამიტომ, ჩვენი თანამშრომლობა საქართველოს ყრუთა კავშირთან არის განსაკუთრებით ღირებული. ერთად შევქმენით სამი არჩევითი კურსი — ჟესტური ენა 1, 2 და 3. ამ ინიციატივამ არა მხოლოდ ჩვენს სტუდენტებს მისცა უნიკალური შესაძლებლობა გაიღრმაონ ცოდნა და კომუნიკაციის უნარები, არამედ ჩვენ ყველანი გავხდით უფრო მგრძნობიარენი და გახსნილნი საზოგადოების მრავალფეროვნების მიმართ. ჯანდაცვამ ხელი შეუწყოს ინკლუზიურობას, თანასწორობასა და ურთიერთპატივისცემას. თსა-მ საქართველოში ჟესტური ენის კურიკულუმში შეტანის პირველი პრეცედენტი შექმნა და ვიმედოვნებთ, ძალიან წარმატებული იქნება” - აღნიშნა ცისანა ლომაშვილმა.
ღონისძიების ფარგლებში თბილისის სამედიცინო აკადემიასა და საქართველოს ყრუთა კავშირს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც, რომლის მიზანია აკადემიის სტუდენტებში ჟესტური ენის პოპულარიზაცია, სწავლების შესაძლებლობების შექმნა და სმენადაქვეითებულ საზოგადოებასთან კომუნიკაციისა და ინტეგრაციის ხელშეწყობა.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს ყრუთა კავშირის პრეზიდენტი ამირან ბატატუნაშვილი და ვიცე-პრეზიდენტი მაია მეტონიძე. მათ ხაზი გაუსვეს ჟესტური ენის ცოდნის აუცილებლობასა და პერსპექტივას, მით უფრო მომავალი ექიმებისათვის. “ძალიან ბევრი ყრუ ადამიანისგან მომისმენია, რომ არ უნდოდათ თარჯიმანთან ერთად გაეზიარებინათ ექიმისთვის თავიანთი დიაგნოზი. ბევრჯერ შევხვედრივართ ისეთ შემთხვევას, როდესაც ირღვევა კონფიდენციალურობა თარჯიმნების მხრიდან. ზოგადად, მესამე პირის ჩართულობა იწვევს არაგულწრფეობას და არა ღიაობას. შესაბამისად, ის, რომ მომავალი ექიმები შეისწავლიან ჟესტურ ენას, ეს ძალიან კომფორტული იქნება ყრუ და სმენადაქვეითებული პაციენტებისათვის” - აღნიშნა მაია მეტონიძემ.
ღონისძიების თანაორგანიზატორი იყო საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სტუდენტური ასოციაცია (GSAPH), რომელსაც ხელმძღვანელობს თსა-ს კურსდამთავრებული ანა გაბრიჭიძე. ასოციაცია აქტიურად თანამშრომლობს თსა-სთან და საქართველოს ყრუთა კავშირთან სხვადასხვა პროექტზე, რომლებიც ეძღვნება ინკლუზიურობას.
ბოლო სიახლეები
კურიკულუმის კომიტეტში სტუდენტთა წარმომადგენლების არჩევნები
🗓️ 2026-02-27
პოლონეთის დელეგაცია თსა-ში
🗓️ 2026-02-23
თსა-ს პერსონალის საყურადღებოდ!
🗓️ 2026-02-19
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო განათლება თსა-ში
🗓️ 2026-02-19
თსა-ს ადმინისტრაციული პერსონალის საყურადღებოდ!
🗓️ 2026-02-18
EUA-ის ყოველწლიური ფორუმი
🗓️ 2026-02-16
სემინარი კლინიცისტებისთვის
🗓️ 2026-02-13
შიდა მობილობა
🗓️ 2026-02-12
2025-2026 სასწავლო წლის I სემესტრის რეგლამენტი
🗓️ 2026-02-12
