„თბილისის სამედიცინო აკადემია არის ადგილი, სადაც სტუდენტები იღებენ არა მხოლოდ სამედიცინო განათლებას, არამედ პროფესიულად იზრდებიან მეგობრულ და მხარდამჭერ გარემოში“ — ამ გზავნილით გაიხსნა კურსდამთავრებულთა შეხვედრა თბილისის სამედიცინო აკადემიაში, სადაც სხვადასხვა თაობის ექიმები კვლავ ერთ სივრცეში გაერთიანდნენ, უკვე როგორც პროფესიონალი კოლეგები.
თსა-მ სხვადასხვა თაობის კურსდამთავრებულებს აკადემიის საგამოფენო სივრცეში უმასპინძლა. სივრცე, სადაც მათი სტუდენტობა დაიწყო, ახლა პროფესიული ურთიერთობებისა და ახალი შესაძლებლობების პლატფორმად გარდაიქმნა.
„ჩვენ უკვე 30 წელზე მეტია ვავითარებთ სამედიცინო განათლებას საქართველოში და ვქმნით გარემოს, რომელიც პასუხობს თანამედროვე გლობალურ გამოწვევებს. საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, აკადემიაში დანერგილია შედეგზე და სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების მოდელი, სადაც თეორიული ცოდნა მჭიდროდ არის ინტეგრირებული პრაქტიკულ გამოცდილებასთან. თსა-ს მისიაა იმ პროფესიონალების მომზადება, რომლებიც ემსახურებიან საზოგადოებას — და ეს თქვენ ყველაზე უკეთ იცით. ჩვენთვის პატივია თქვენი მასპინძლობა, ერთობლივი პროექტების განხორციელება და თქვენი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება მომავალ თაობებთან” - აღნიშნა თბილისის სამედიცინო აკადემიის რექტორმა ირინე შოთაძემ.
შეხვედრის მთავარი მიზანი თსა-ს კურსდამთავრებულების არაფორმალურ პროფესიულ ქსელში გაერთიანებაა. ალუმნი კლუბის შექმნისა და განვითარების იდეაც სწორედ ის არის, რომ გააერთიანოს კურსდამთავრებულები, სტუდენტები და აკადემიური პერსონალი საერთო მისიის ირგვლივ - ემსახურონ საზოგადოებას და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ცოდნის გამოყენებით სხვადასხვა აქტუალურ თემაზე დაგეგმონ და განახორციელონ ღონისძიებები.
ღონისძიებაზე არაერთმა კურსდამთავრებულმა გაიხსენა საკუთარი გამოცდილება, როგორ გადაიქცა აკადემია მათთვის პროფესიული განვითარების საწყის ეტაპად.
„როგორც თბილისის სამედიცინო აკადემიის კურსდამთავრებულს, მიმაჩნია, რომ სწორედ აქ მივიღე ის საფუძველი, რომელმაც განსაზღვრა ჩემი პროფესიული განვითარება. აქ მივიღე არა მხოლოდ თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება, არამედ, ვისწავლე პაციენტებთან სწორი კომუნიკაციაც“ - აღნიშნა აკადემიის კურსდამთავრებულმა და კლინიკა კარაბს მედლაინის ქირურგმა ოთარ კეპულაძემ.
კურსდამთავრებულებსა და აკადემიას შორის აქტიური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოს ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორმა ეთერ კიღურაძემ: “კურსდამთავრებულების ასეთი ახლო ურთიერთობა აკადემიასთან ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი თავიანთ გამოცდილებას უზიარებენ სტუდენტებს და ხელს უწყობენ ახალი თაობის პროფესიულ განვითარებას. სტუდენტებთან ერთად ჩვენ არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ, განსაკუთრებით სკრინინგის პოპულარიზაციის მიმართულებით. ახალგაზრდების მონაწილეობა აქ გადამწყვეტია, ისინი ხდებიან ინფორმაციის გამავრცელებლები და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ“.
შეხვედრაზე გამოიკვეთა ისიც, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კავშირების შენარჩუნება არა მხოლოდ აკადემიასთან, არამედ ერთმანეთთანაც. „მნიშვნელოვანია, კურსდამთავრებულებმა შეინარჩუნონ ურთიერთობა როგორც აკადემიასთან, ისე ერთმანეთთან, რათა ცოდნის გაზიარება და ერთობლივი პროექტების განხორციელება გაგრძელდეს. ეს ურთიერთობები ქმნის იმ პროფესიულ ქსელს, რომელიც თითოეული ექიმის განვითარებაში მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს“ - აღნიშნა ჩაფიძის გულის ცენტრის ზოგადი რეანიმაციის ხელმძღვანელმა, ეკა კიკილაშვილმა.
თბილისის სამედიცინო აკადემია კურსდამთავრებულებისთვის ცდილობს შექმნას გარემო, სადაც ყალიბდება პროფესიული იდენტობა, ღირებულებები და ადამიანური კავშირები. აქ მიღებული გამოცდილება კი წლების შემდეგაც გრძელდება, უკვე ახალი თაობების მხარდაჭერისა და განვითარების ფორმით.
კურსდამთავრებულთა კლუბის ჩამოყალიბება სწორედ ამ უწყვეტი კავშირის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია - ინიციატივა, რომელიც გააძლიერებს პროფესიულ საზოგადოებას, შექმნის თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს და კიდევ უფრო მტკიცედ დააკავშირებს აკადემიას მის კურსდამთავრებულებთან.
ბოლო სიახლეები
ინდოეთის ახლადდანიშნული ელჩი თსა-ს საგანმანმათლებლო გარემოს გაეცნო
🗓️ 2026-04-22
TMA x Akkon Uni. Research
🗓️ 2026-04-22
სადოქტორო პროგრამების საინფორმაციო შეხვედრა
🗓️ 2026-04-20
სადოქტორო პროგრამების საინფორმაციო შეხვედრა
🗓️ 2026-04-15
2026 წელს თსა-ში ჩარიცხული ყველა სტუდენტი პირველ და მეორე სემესტრში სრული დაფინანსებით ისწავლის
🗓️ 2026-04-07
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო პროგრამა
🗓️ 2026-04-07
CIMED-ის ექსპერტები თბილისის სამედიცინო აკადემიას სასწავლო გეგმის ინტეგრაციისა და კლინიკური ტრენინგის გაძლიერებაში ეხმარებიან
🗓️ 2026-04-01
სამედიცინო კარიერული შესაძლებლობები გერმანიაში
🗓️ 2026-03-30
სადოქტორო პროგრამების საინფორმაციო შეხვედრა
🗓️ 2026-03-30
